Placeholder canvas
ახალი ამბები

კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის პროტესტის ფონზე, 26 მაისს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს.

ხმის მიცემის პროცესი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ პროტესტის ფონზე წარიმართა. მათი მტკიცებით, საბჭოს წევრების დამტკიცება სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ გაძლიერებას ემსახურება. სამოქალაქო სექტორის განცხადებით კი – ეს ნაბიჯი 19 აპრილის შეთანხმების „სულისკვეთებას“ ეწინააღმდეგება. მათივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემის ამბიციური რეფორმის გატარების გარეშე, შერჩეულ კანდიდატებს არ ექნებათ „მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია“.

კონფერენციაზე, რომელსაც 291 მოსამართლე ესწრებოდა, საბჭოს წევრებად მომდევნო 4 წლის ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები – თემურ გოგოხია და ბადრი შონია აირჩიეს. საბჭოს ახალი წევრები მოვალეობის შესრულებას 25 ივნისიდან შეუდგებიან და საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოსა და ვასილ მშვენიერაძეს ჩაანაცვლებენ.

თემურ გოგოხია ის მოსამართლეა, რომელმაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 2019 წლის 19-20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაოს გახადა დააკისრა. ბადრი შონია მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ საქმესთან ასოცირდება. ამასთან, იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრისა და საპროკურორო საბჭოს ამჟამინდელი წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია. მიქაბერიძე ე.წ. „თბილავიამშენის“ საქმის მოსამართლე იყო.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა თქვა, რომ საბჭოს არჩეული წევრები ე.წ. „კლანის“ წარმომადგენლები არიან. „წარსულში მათი საქმიანობა სწორედ გამოირჩეოდა იმით, რომ მხარს უჭერდნენ კლანის გადაწყვეტილებებს, როგორც სამოსამართლო საქმიანობის, ისე ადმინისტრაციულ თანამდებობებზე“, – დასძინა მან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ უარყო ბრალდებები და თქვა, რომ ისინი მოსამართლეთა კონფერენციაზე წინასწარ მომზადებული კანდიდატურებით არ მისულან.

„არჩევნების გადადება გამოიწვევს იმას, რომ პირველი-მეორე ინსტანციის სასამართლო შეწყვეტს ფუნქციონირებას“, – აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ.

საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა, კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ 22 მაისს სასამართლო სისტემაში დანიშვნის პროცესის „დაუყოვნებლივი“ შეჩერების მნიშნველობას გაუსვეს ხაზი. თუმცა, საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და [იუსტიციის უმაღლეს] საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე და ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button