ახალი ამბები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს მიხეილ ჩინჩალაძე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ხუთწლიანი ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.

მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ე.წ. „სასამართლო კლანის წევრწად“ მიიჩნევს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული სასამართლო სისტემისადმი მზარდი კრიტიკის ფონზე აირჩიეს.

„სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უთხრა, რომ ჩინჩალაძე თანამდებობაზე ერთადერთი წარდგენილი კანდიდატურა იყო და რომ მას მხარი საბჭოს მოქმედმა ათივე წევრმა დაუჭირა.

მედიის ცნობით, ჩინჩალაძის არჩევისადმი მიძღვნილ კონსულტაციაში მონაწილეობა სააპელაციო სასამართლოს 53-მა მოსამართლემ მიიღო, რომელთაგანაც მის კანდიდატურას ყველამ დაუჭირა მხარი.

მიხეილ ჩინჩალაძე თანამდებობაზე პირველი ვადით 2017 წლის 30 მაისს აირჩიეს და მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის მაისში ამოეწურა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩინჩალაძეს თანამდებობა მხოლოდ „პრივილეგიებისთვის“ სჭირდება.

„მისი გავლენა არის უფრო მასშტაბური, ვიდრე ეს არის თბილისის ერთი სასამართლო. მისი გავლენა ვრცელდება უზენაესი სასამართლოდან დაწყებული, ნებისმიერი პირველი ინსტანციის სასამართლოზე“, – ხაზი გაუსვა მან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასევე ყოფილი არამოსამართლე წევრისა და პარტია ხალხისთვის დამფუძნებლის, ანა დოლიძის შეფასებით, „კლანი, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ისე არის გასული თავს, რომ დღეს, ცარიელი სკამი დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ და საერთოდ არ დაგიდევენ არაფრად რას ამბობს ევროკომისია, ევროპარლამენტი, თუ [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] შარლ მიშელი“.

მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ სხდომაზე მისვლა და თუნდაც „ფორმალურ გასაუბრებაში“ მონაწილეობის მიღება „არც კი ინება“.

არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურება

მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს, რომ არ დაეჭირათ მხარი მიხეილ ჩინჩალაძის ხელახალი დანიშვნისთვის, რაც მათივე შეფასებით, სასამართლო სისტემაში გააძლიერებდა „კლანურ მმართველობას“.

„სასამართლო სისტემის მიმართ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მზარდი კრიტიკის ფონზე იუსტიციის საბჭო, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოებისგან მალულად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში“, – აღნიშნა 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ 20 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათვე ხაზი გაუსვეს, რომ თავმჯდომარის შერჩევის პროცესი „გამჭვირვალედ“ და „ინკლუზიურად“ უნდა წარიმართოს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციები ჩატარდეს საჯაროდ.

უფლებადამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა არის საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად არსებობის მნიშვნელოვანი დაბრკოლება“.

„[ევროკომისიის] მოსაზრებაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ პირობად აღნიშნულია მართლმსაჯულების ინსტიტუციურ ჯაჭვში სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა”.

არასამთავრობოემა საქართველოს პარლამენტიც გააკრიტიკეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „კანონმდებლობის დარღვევით“ ამ დრომდე არ ჰყავს 5 არამოსამართლე წევრი, რაც „იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება არ მონაწილეობს საბჭოს საქმიანობაში, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს“.


იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე და ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს. საბჭოში ამ დრომდე ვაკანტურია 5 არამოსამართლე წევრის ადგილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button