ახალი ამბები

„საია“: სასამართლოში მმართველ თანამდებობებს მუდმივად „კლანის წევრები“ იკავებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში ე.წ. „მბრუნავი კარის“ მიდგომაა, რომლის მეშვეობითაც „სასამართლო კლანის ყველა გავლენიან წევრს მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა“, ხოლო „რაც უფრო საკვანძოა თანამდებობა, როტაცია მინიმალურია“.

სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ არსებობაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

„საიას“ მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „კლანის წევრები“ თანამდებობებს „ერთმანეთს უცვლიან და სასამართლოდან სასამართლოში მოგზაურობენ“.

ორგანიზაციის შეფასებით, ის ფაქტი, რომ სასამართლო სისტემაში არსებული 311 მოსამართლიდან, 39 მმართველო პოზიციას იკავებს, 19 კი – მნიშვნელოვან თანამდებობებზე უკვე 10 წელზე მეტია, რაც უწყვეტად მუშაობს, „კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს მცირე ჯგუფის მიერ სასამართლოს მართვაზე“.

„საიას“ განმარტებით, გარდა 39 მოსამართლისა, საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციაში კიდევ 50 მოსამართლეა, რომლებსაც სხვადასხვა დროს თანამდებობები ეკავათ.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს ადასტურებს არგუმენტს, რომ საქართველოს სასამართლო დახურული სისტემაა, რომლის სათავეშიც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფია.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეთა უმრავლესობა თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას შემდეგ დანიშნა, რაც 2007 წელს ეს ინსტიტუტი სასამართლო ხელისუფლების ორგანოდ იქცა.

აღნიშნა რა, რომ „წლებია, თავმჯდომარეები საბჭოს ხელში მოსამართლეების გასაკონტროლებელ ინსტრუმენტებად განიხილებიან“, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „კლანის“ წევრები „პირად ერთგულებასა და ზეწოლაზე დაფუძნებით ინარჩუნებენ ძალაუფლებას და განსაზღვრავენ პროცესებს საერთო სასამართლოების შიგნით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button