ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ 7-9 მარტის აქციის მონაწილეებს და ოპოზიციას აკრიტიკებს
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 3 აპრილს მთავრობის სხდომის დაწყების წინ „უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიციირებული რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგოდ 7-9 მარტს გამართული აქციის მონაწილეები და ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
„ერთ-ერთმა ანარქისტმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა“
პრემიერმა ღარიბაშვილმა 7-9 მარტის აქციებზე საუბარი ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით 29 მარტს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე მინიშნებით დაიწყო და თქვა, რომ ყველამ ნახა კადრები, თუ როგორ ესროლა „ერთ-ერთმა ანარქისტმა“ პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. „ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციის ცოცხლად დაწვა“, – დასძინა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ „ამას არავის ვაპატიებთ, ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო“. „უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ასე ვთქვათ ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში“.
მისივე მტკიცებით, აქციების „გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული“, რაც „მუდმივი ქაოსის დათესვას“ გულისხმობდა, რისი „საბოლოო მიზანიც“ იყო „დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც არავის არ გამოუვიდა და არ გამოუვა“. „რაც შეეხება ამ ანარქისტებს და მათ მიერ, მათ ინსტრუქტორებს, მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც“.
ამ კონტექსტში მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატების კაპიტოლიუმზე თავდასხმა გაიხსენა განაცხადა, რომ მაშინ 4 ადამიანი, რომელიც კონგრესის შენობაში შეიჭრა, „ადგილზე მოკლეს“. ამის საპირწონედ პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართულმა პოლიციამ სუფთად ჩაატარა ოპერაცია და „არავინ არ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ“.
„დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი, ანარქისტები და ქვებს რომ უშენენ პოლიციას თურმე ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება და კიდევ ვიმეორებ კანონი აღსრულდება ყველას მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ „ეს უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე და ჩვენ არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არ დაგვისჯია, არც არავინ არ დაისჯება“.
„დეგრადირებული ოპოზიცია“ ქვეყნის „კეთილდღეობას“ ეწინააღმდეგება
ამის შემდეგ მან „დეგრადირებული“, „ექსტრემისტული“ და „ხელმოცარული“ ოპოზიციაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი ქვეყნის მიერ მიღწეულ „სიკეთეებს“, „კეთილდღეობას“ და იმას ეწინააღმდეგებიან, რომ „მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა“. „მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეწირონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და თავისთავად ჩვენი ხალხის უსაფრთხოება“.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს „ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ დგას და ძლიერად დგას, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ ვერ შეგვეწინააღმდეგება, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი, ჩვენი ეროვნული ინტერესები აქ გადის, ეს არის ჩვენი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ბუნებრივია ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო“.
„ჩვენ გვინდა ახლა დამშვიდება, საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა გვჭირდება და ის სიკეთეები, რაც ჩამოვთვალე, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, მეტი პროექტების მშენებლობა და მეტი განვითარება“, – განაცხადა მან.
„უკრაინაში ომის შემჩერებელი არავინაა“
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ „ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ ყოფილა“. „უკრაინაში რაც ხდება, ხედავთ, რომ ომი არ ჩერდება უბრალოდ და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20%-ზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად და მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი. ქალაქები, სოფლები, რაიონები სწორდება მიწასთან“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ „ამის შემჩერებელი არავინაა“.
„ამიტომ ის გეგმა, რაც არსებობდა ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინიზაციის გეგმა და პოლიგონად მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, ჩაუვარდათ კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/03/2023 – პრემიერი კვლავ „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე საუბრობს და ოპოზიციას აკრიტიკებს
- 11/02/2023 – პრემიერი კვლავ „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე“ საუბრობს და ენმ-ს აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)