ახალი ამბები

პრემიერი კვლავ „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე საუბრობს და ოპოზიციას აკრიტიკებს

თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ვიზიტის პარალელურად, 24 მარტს, საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მისთვის გაგზავნილ კითხვებზე პირდაპირი პასუხების ნაცვლად უკრაინაში მიმდინარე ომზე და ამ კონტექსტში საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, რა დროსაც მან „დესტრუქციული“ ოპოზიცია ხელისუფლების „დამხობისა“ და ქვეყანაში „რევოლუციის“ მოწყობის განზრახვის მცდელობებში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „თუ ევროპას და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ [საქართველოში] პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა [მოგვანიჭონ] კანდიდატის სტატუსი“.

ომი უკრაინაში და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობები

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე“, რადგანაც „ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს“. ამ კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ამის დასტურად უკრაინის ხელისფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები დაასახელა.

„…ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ „მეორე პოლიგონის“ გახსნის და „მეორე ფრონტის გახსნის“ გეგმა“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არ არის „ომისთვის განწყობილი მთავრობა“. „მათი [უკრაინის ხელისუფლების] სურვილი იყო, [მიხეილ] სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატოს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები“, – თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ „სამწუხაროდ“, საქართველოს ომში ჩართვაზე „უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში და კოორდინაციაში მოდის, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ [ოპოზიციის] მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მათ გეგმებთან, მათ ქმედებასთან“.

პრემიერის მტკიცებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაც. „მისი [მიხეილ სააკაშვილის] მიამიტური გათვლებით აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა“.

„ამას თუ დავუკავშირებთ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მე ვფიქრობ, არცერთ გონიერ ადამიანს ეჭვი აღარ შეეპარება და კითხვა აღარ დარჩება უბრალოდ, რომ დიახაც, მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მათ „ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობად შეაფასა უკრაინაში ომის დაწყების ადრეულ ეტაპზე, ქართველი მოხალისე მეგობრების წასაყვანად ჩარტერული რეისების განხორციელებაზე საქართველოს მთავრობის მიერ ნებართვის გაცემაზე „ბევრი ადამიანის“, მათ შორის „უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჟინებული მოწოდებები“. „ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომში და კონფლიქტში რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა“.

ირაკლი ღარიბაშვილისვე მტკიცებით, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის ნაწილი იყო 2022 წლის ზაფხულში გამართული პროდასავლური აქციებიც და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემაც. „ეს გეგმაც ჩაუვარდათ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს“, – თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ საქართველოში ომის დაწყების ბოლო მცდელობა 7-9 მარტს „უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციები იყო.

„ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები, „ნაცმოძრაობის“, „გირჩი მეტი თავისუფლების“, ე.წ ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა და დაამატა, რომ „მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და ა.შ. ჩვენ გვესმოდა მოწოდებები პირდაპირ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ ახლა არის დრო, ამ რეჟიმის დამხობის, შეცვლის“. „ეს გეგმა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა“, – გაიმეორა მან.

კანდიდატის სტატუსი

აღნიშნა რა, რომ საქართველოსთვის უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო „უსამართლო გადაწყვეტილება“, პრემიერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო ბევრად წინ უსწრებს ორივე ქვეყანას ყველა მიმართულებით. მისივე მტკიცებით, მოქმედმა ხელისუფლებამ „ყველაფერი გააკეთა“ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად გაცემული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. მანვე ამ პროცესში ოპოზიციის პასიურობაც აღნიშნა.

ამ კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემულ პირველ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პოლარიზაცია, ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს და „ჩვენი ქვეყანა არ და ვერ იქნება გამონაკლისი“. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას ხელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემამაც შეუწყო ხელი.

„თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებს და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, ყოველგვარ სპეკულაციებს, დაასრულებს მათ ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მანვე პოლარიზაციის დასრულებაში ოპოზიციის როლსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „ეს ვალდებულება არის ერთობლივად შესასრულებელი, მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის და ოპოზიციის“.

ამის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე ევროკავშირის „ისტორიული“ გადაწყვეტილება აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ამით „ყოველგვარი სპეკულაცია და ვარაუდი იმის თაობაზე, თუ სად დგას საქართველო, მოიხსნა“.

„ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის უბრალოდ სიმბოლური გადაწყვეტილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“.

ევროპარლამენტის „სამარცხვინო რეზოლუცია“

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას პრემიერმა კიდევ ერთხელ უწოდა „სამარცხვინო“ და თქვა, რომ ამით „თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს – ანუ მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს“. „იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ იგი ჩვენი კრიმინალია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის მტკიცებით, ევროპარლამენტარებმა იგივე თქვეს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, დავით კეზერაშვილსა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე. „ჩვენთვის ეს არის კატეგორულად მიუღებელი. ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა“, – ხაზი გაუსვა მან.

„აგენტებზე“ კანონპროექტები და 7-9 მარტის აქციები

პარლამენტში სტუმრობისას, პრემიერი ღარიბაშვილი „უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიციირებულ რუსული ტიპის კანონპროექტებსაც შეეხო, რომლებიც ხელისუფლებამ მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ უკანვე გაიხმო. „ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კანონის გაწვევიდან რამდენიმე დღეში, დაიწყეს აქტიური საუბარი ევროპარლამენტში, რომ მოხდეს ინიცირება ანალოგიური კანონის, კანონპროექტის, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ლობისტების საქმიანობას ევროკავშირისთვის… ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კანონის გაწვევიდან ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, კანადამ დაიწყო იგივე პროცესი“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად მმართველი გუნდის დაპირებისა, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიის შენიშვნების შესაბამისად შესწორდებოდა, „ჩვენ ვნახეთ პირდაპირი მცდელობა დესტაბილიზაციის, რაც, რა თქმა უნდა, ისევ უკავშირდება ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული ძალების ამოცანებს და მათ მიზნებს“. ამ კონტექსტში მან 7-9 მარტს კანონპროექტების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა და პოლიციელებს ამ დღეებში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „ხელისუფლებამ გამოაჩინა ძალიან დიდი სიმტკიცე, სიძლიერეც და გონიერებაც“, – ხაზი გაუსვა მან.

დეპუტატების შეფასება

პრემიერის გამოსვლა მწვავედ გააკრიტიკეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა:

„თქვენი რიტორიკა ყოველთვის გამოირჩევა პერსონალური შეურაცხყოფით, ყველა ტრიბუნასთან თქვენ ირჩევთ შეურაცხყოფის და სიძულვილის ტონს, ეს არის ძალიან სამწუხარო და ნამდვილად არ შეეფერება ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრს, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის“, – უთხრა ირაკლი ღარიბაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ. მანვე დასძინა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს არა ხელისუფლება, არამედ სწორედ ის ახალგაზრდები იცავენ, რომელსაც მმართველი გუნდი მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს. „…ან ხართ რუსეთისკენ ან ხართ დასავლეთისკენ, ან ხართ მტრისკენ ან ხართ მოყვარისკენ, ან ხართ უკრაინისკენ ან ხართ პუტინისკენ და სამწუხაროდ „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა „რუსულმა ოცნებამ“ დიდი ხნის წინ გააკეთა, მაგრამ დღეს გახდა ეს არჩევანი ყველაზე ცხადი“, – განაცხადა დეპუტატმა.

„40 წუთის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ გიხსენებიათ ომის მწარმოებელი აგრესორი ქვეყნის კონტექსტში. „დიდი გამოწვევა“, „საბრძოლო მოქმედებები“, „ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფო“[ახსენეთ] – მტერი, ბატონო ირაკლი, მტერი! მტერია რუსეთის ფედერაცია, მაგრამ თქვენ თქვენი ფუნქცია ფანტასტიკურად შეასრულეთ, ომის სურათი დაუხატეთ ქართულ საზოგადოებას, მოახდინეთ ქართული საზოგადოების შიშების გაღვივება“, – უთხრა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

„დამნაშავე ხართ, ბატონო პრემიერო. დამნაშავე ხართ, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, რადგან არანაირ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი, თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ, უკრაინის წინაშე, იმიტომ, რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომას და საუბარს, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერს და დაამატა: „Mea culpa, Mea culpa, Mea culpa. ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და შვილებს, რადგან ამ სირცხვილით გიწევს ცხოვრება თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით“.

„ძალიან მძიმე მოსასმენი იყო პრემიერმინისტრად წოდებული ადამიანის გამოსვლა… 2014 წლიდან ერთსა და იმავეს ვისმენთ, სიახლე მხოლოდ ის იყო რომ ოპოზიციის ლანძღვა-გინების კამპანიას, ჩვენი დასავლელი პარტნიორების და უკრაინის ლანძღვა დაემატა… ამაშიც არ იქნებოდა პრობლემა ამ ყველაფერში ჰიბრიდული ომის სერიოზული ნიშნები რომ არ დამენახა“, – მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს და ჰკითხა მას, თუ რატომ „თრგუნავს“ ადამიანებს და რატომ ელაპარაკება მათ „არარსებულ საფრთხეებზე“.

„თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, თქვენ პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში“, – თქვა „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ და დაამატა: „დღეს მე მინდოდა თქვენგან მომესმინა, როგორ ახდენთ სუვერენიტეტის დაცვას იმ ქვეყნის, რომელსაც აქვს რუსული ოკუპაცია, განგრძობითი ანექსია და რას ეუბნებოდით ჩვენს მოქალაქეებს ამ ვითარებაში“.

„ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, არ არის პოლარიზებული, ამიტომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებთ ერთ ევროპარლამენტარს, შეურაცხყოფას იღებს მთელი ევროპარლამენტი. გთხოვთ, ამას მიაქციოთ ყურადღება“, – მიმართა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა პრემიერს.

თავის მხრივ, პრემიერ ღარიბაშვილს „არაჩვეულებრივი გამოსვლისთვის“ მადლობა გადაუხადეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა:

„პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა, უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე“, – თქვა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დასძინა: „ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს და რა ხდება უმრავლესობის მხარეს, პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება, სად არ არის განათლება… მე მგონი, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია და კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დღევანდელი დებატების დროს“.

„დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისათვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ, განვითარებით მოვიგებთ, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ნებისმიერმა ახალგაზრდამ და ღირსებით შევალთ ევროპაში… ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ევროპულობისათვის, ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი და ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button