skip to content
ახალი ამბები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ასევე უკვე ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა შეცვალა. გიორგი ამილახვარი ერთ-ერთია მმართველი უმრავლესობის იმ 76 დეპუტატიდან, რომელთაც პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული ტიპის კანონპროექტს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ჩხენკელი, რომელსაც განათლების მინისტრის პოსტი 2019 წლის ნოემბრიდან მეორედ ეკავა, საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს. ჩხენკელის ცვლილებას წინ უძღვოდა „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტუდენტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

განათლების ახალი მინისტრი, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა, სადაც აწ უკვე ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მიხეილ ჩხენკელმა პოსტი პირადი გადაწყვეტილებითა და სურვილით, აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნების მიზეზით დატოვა.

განათლების ახალი მინისტრი, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა, სადაც აწ უკვე ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მიხეილ ჩხენკელმა პოსტი პირადი გადაწყვეტილებითა და სურვილით, აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნების მიზეზით დატოვა.

პრემიერმა განათლების ახლადდანიშნულ მინისტრზე ისაუბრა და თქვა, რომ იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში „წარმატებით ხელმძღვანელობდა“ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს და მას უკავშირდება „არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა“. ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, გიორგი ამილახვარი, რომელიც „წლებია, უკვე ჩართულია განათლების სფეროში“, „ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომლებიც რჩება განათლების სისტემაში“. „მას აქვს ძალიან კარგი ხედვა, მან იცის, ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს და მე ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი“, – დასძინა პრემიერმა.

განათლების ახალი მინისტრის ხედვები

თავის მხრივ, გიორგი ამილახვარმა პრემიერ ღარიბაშვილსა და გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისთვის „დიდი პატივია“ უხელმძღვანელოს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელთაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა“, – განაცხადა მან.

„დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან: ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან, იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს“, – ხაზი გაუსვა ახალმა მინისტრმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, რომ „ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში“. ამიტომ, ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის ღირსებისა და პოლულარიზაციის ამაღლებისთვის“.

გიორგი ამილახვარმა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის „დამატებით სოციალური და ფინანსური მხარდამჭერი მექანიზმების“ შეთავაზების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „ხელს შევუწყობთ მათ განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის“.

ახლადდანიშნულმა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად პროფესიული განათლება დაასახელა და თქვა: „უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“.

„გასული წლების განმავლობაში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში“, – ხაზი გაუსვა გიორგი ამილახვარმა და დაამატა, რომ სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტულ გეგმასა და ხედვებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

გიორგი ამილახვარის ბიოგრაფია

პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ამილახვარს, რომელიც სამართლის დოქტორის ხარისხის მფლობელია, 2018-2019 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამასთან, 2010-2020 წლებში იგი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი იყო. უფრო ადრე, 2008-2010წლებში, ლიტვურ საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალში („სავერუს ჯორჯია“) მთავარ იურისტად მუშაობდა. ასევე, 2007-2008 წლებში მთავარი სპეციალისტად მსახურობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

გიორგი ამილახვარი, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მას სიის მომდევნო ნომერი ჩაანაცვლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button