Placeholder canvas
ახალი ამბები

პოლიტიკოსები უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავს ეხმიანებიან

რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი წლისთავს ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან და მეგობარ ქვეყნას სოლიდარობას უცხადებენ. საგულისხმოა, რომ ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვევის მიუხედავად, კიევში საქართველოს ოფიციალური დელეგაცია არ გაემგზავრა, რასაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მმართველ გუნდში უარის მიზეზად ის თქვეს, რომ გარკვეული ტიპის ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობისთვის მათ „ბარიერებს“ უკრაინის ხელისუფლების ღიად გაცხადებული პოზიციები უქმნით. უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად ოპოზიციის ნაწილი ჩავიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „დროას“ ლიდერები.

ქვემოთ უკრაინის ომის წლისთავზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურებებია წარმოდგენილი:

მმართველი გუნდის გამოხმაურება

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერმინისტრი: „დღეს, 24 თებერვალს, უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში, ყოლად გაუმართლებელია ის ომი რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თანასპონსორი გაეროს რეზოლუციის. ასევე ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ ხალხს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“.

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ზუსტად ერთი წლის წინ, უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა! ომის შედეგად დაიღუპა ათიათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია – 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა. უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні!“

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: „დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ერთი წელი, ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანისთვის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ, მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოს და სხვა ერების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება. უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე, იგივე შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს, 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო. საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით…. გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ჩვენი თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში ვუსურვებ გამარჯვებას. Slava Ukraini“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „თავისუფლების, ღირსებისა და სიმამაცის ნამდვილი სიმბოლო, უკრაინის დედაქალაქი და გული, ქალაქი კიევი რუსული აგრესიის დაწყებიდან 1 წლის თავზე კვლავ დგას, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნამდვილი ციტადელი! უკრაინელი ხალხის გმირული თავგანწირვის, პრეზიდენტ ზელენსკის სამაგალითო ლიდერობისა და თავისუფალი სამყაროს უპრეცედენტო კონსოლიდაციის შედეგად, პუტინის იმპერიის მარცხი გარდაუვალ მოვლენად იქცა, რის შემდეგაც, სულ მალე თავისუფლების მოყვარე ერებს საკუთარ მიწაზე მშვიდობიანად განვითარებისა და ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ. ქართველი ხალხი ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში სიკეთის, უკრაინისა და საკუთარი თავისუფალი მომავლის გულშემატკივარია. ქართველი გმირები უკრაინულ მიწაზე იბრძვიან და საქართველოს ღირსეული მომავლისთვის იღუპებიან. ჩვენ გვჯერა, რომ ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს, ბოროტება აუცილებლად დამარცხდება! დიდება მათ ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს თავისუფლებას! „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! დიდება უკრაინას! Слава Україні! დიდება გმირებს ! Героям слава!“

გიორგი გახარია – პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე: „1 წლის წინ, რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა. 1 წლის თავზე ,უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, ერთად უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!“

მამუკა ხაზარაძე – „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე: „ახლა ირპინში ვიმყოფებით, იქ, სადაც ომი დაიწყო ერთი წლის წინ… უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში. მე მინდა ეს სოლიდარობა, რაც გამოვხატეთ მათ მიმართ, იყოს დამამტკიცებელი იმის, რომ ქართველი ერი, ქართველი ხალხი ყოველთვის იდგება იქ, სადაც მეგობარს უჭირს. ჩვენ დღეს ვდგავართ უკრაინელების გვერდში. უკრაინა გაიმარჯვებს ამ წელს აუცილებლად და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არაჩვეულებრივ ერთან ერთად. წარმატებები უკრაინას!“

ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი-მეტი თავისუფლება“: „ახლა, ამ წუთში უკრაინაში ომია, ლაივში ვუყურებთ ქვეყანა როგორ ამარცხებს ჩვენს ორ საუკუნოვან მტერს. როგორ შეიძლება ჩვენ ამას არ ვსწავლობდეთ? როგორ შეიძლება ქართველი სამხედროები არ იყვნენ ახლა იქ და არ სწავლობდნენ როგორ ამარცხებს უკრაინა რუსეთს? გინდა შტაბის დონეზე, გინდა სტრატეგიულ დონეზე, გინდა ტაქტიკურ, გინდა ოპერატიულ დონეზე, რა შეიარაღებას იყენებენ… ჩვენ ხომ ეს ყველაფერი გვჭირდება, საკუთარი თავი რომ დავიცვათ! ამ შესაძლებლობას ვტოვებთ ახლა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button