უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე პრეზიდენტმა მთავრობა გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მეგობარი ქვეყნისადმი მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა „ვითომც და ნეიტრალური თუ დაბალანსებული“ პოზიციის გამო საქართველოს მთავრობაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლებამ თავი „იზოლაციაში მოიქცია“. ოფიციალურ მიღებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც ესწრებოდა.
უკრაინის მიმართ მხარდაჭერა
მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით დაიწყო, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკვე ერთი წელია, რად მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით და უკრაინელი ხალხი „ერთობლივად, არნახული შემართებით“ უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას.
„ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო – რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია: ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა; პირიქით – უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითი-დღე იზრდება“.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს საოცარი ერთობა, რომელსაც უკრაინის მიმართ „პრინციპული სოლიდარობა“ ვერანაირი „შანტაჟით“ ვერ შეაცვლევინა. „შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს“, – განაცხადა მან.
ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, მათ „ვინც საქართველოში თუ უკრაინაში იცავდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მაშინ და დღეს ერთიან ევროპულ მომავალს“. „არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს!“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „სხვა ალტერნატივაც არ არსებობს!“.
„ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა: გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა – „მჯერა უკრანელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის! მათი და ჩვენი ერთობლივად! გაუმარჯოს უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს ერთიან მომავალს!“.
მთავრობის მიმართ კრიტიკა
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „მწუხარებით“ აღნიშნა, რომ ამ მოცემულობაში „საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომც და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია“.
„გაუგებარი იმ ქვეყნისგან რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე“, – განაცხადა მან და ამის ფონზე ქართველი საზოგადოების მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ „ძალიან მკაფიო“ სოლიდარობას გაუსვა ხაზი. „თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს სად დგას ქართველი ხალხი“.
სალომე ზურაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიმდინარეობისას, მან, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, „ამ საზოგადოების სახელით“ ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოხატა უკრაინას მიმართ საქართველოს „უდრეკი მხარდაჭერა“ და დასძინა, რომ „ასეც გაააგრძელებს“.
პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობა დღევანდელ დღეს კიევში არყოფნის გამოც გააკრიტიკა და დასძინა, რომ თავად მაინც უნდა ყოფილიყო უკრაინაში, თუმცა მზადყოფნის დროულად გამოხატვის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მიიღო.
„სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად, მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან“, – ხაზი გაუსვა მან.
პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოს უკრაინის დასახმარებლად ისეთი საშუალებები არ გააჩნია, როგორც „ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს“, – თუმცა დასძინა, რომ „თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაღუპვის, იუნკერების „საგმირო ბრძოლის“ ხსოვნის, საბჭოთა ოკუპაციის, 90-იან წლებში რუსეთთან „გამოუცხადებელი ომი“, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ ეს ყველაფერი „უკრაინელების დღევანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არა გვაშორებს!…Slava Ukraini“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)