ილია დარჩიაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 22 თებერვალს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, დარჩიაშვილმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და აღნიშნა, რომ ეს არის თავდასხმა მთელ საერთაშორისო წესრიგზე და არღვევს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინაში მოჰყვა უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგები, მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება. „მშვიდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი პასუხისმგებლობის პირობებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს ფუძემდებლური პრინციპების დაცვის გზით“, – განაცხადა მან.
მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ის როლი, რომელიც, მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკისრია მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. „მან საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულის ინიაციატივას, რომელიც, მისი განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიღმა, გაეროს ძირითადი ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვასაც ეხმაურება“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა: „უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს სჭირდებათ მშვიდობა. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვაწყდებით უპრეცედენტო მასშტაბის გლობალურ გამოწვევებს: კლიმატის ცვლილებას, სტიქიურ უბედურებებს, ტერორიზმს. ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას“.
დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინელი ხალხის სოლიდარულია ამ რთულ დროს. მან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და მისი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, რაც უხეშად არღვევს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის პრინციპებს“.
ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საქართველო კვლავ ერთგულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, „რაც, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციაზე, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული“. მისივე თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა რეზოლუციის პროექტის მიმართ, რომელიც „კიდევ ერთხელ აგზავნის მკაფიო სიგნალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დასაცავად და მოუწოდებს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, გაეროს წესდების შესაბამისად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)