skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 20 თებერვალს თბილისში ვიზიტად მყოფ ამერიკელ სენატორებს – ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს შეხვდა და მათთან საქართველოს ევროინტეგრაცია, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინის ომზე საუბრისას, ხაზგასმით თქვეს, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ახორციელებს მას“.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებს უთხრა, რომ „საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას“.

„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ იგი „ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებასა და სათქმელს გამოხატავს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებითვე, თავის მხრივ, სენატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი „აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“.

სენატორმა შაჰინმა, საქართველოში ჩამოსვლამდე, გუშინ Twitter-ზე დაწერა, რომ „საქართველოს წინ აქვს მნიშვნელოვანი არჩევნები და აქვს შესაძლებლობა, წინ წაწიოს დემოკრატიის მხარდამჭერი დღის წესრიგი“.

„მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს პრიორიტეტულად მიიჩნიონ, რადგან ისინი მუშაობენ ქართველი ხალხის უკეთესი მომავლის ასაშენებლად და რეგიონში მეტი სტაბილურობისთვის“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button