ახალი ამბები

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერი გერმანიას სტუმრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 17-19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 59 კონფერენციის ფრგლებში, გერმანიას სტუმრობს, სადაც იგი კონფერენციის გახსნით ცერემონიას დაესწრო, თემატურ პანელუს დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და რიგი შეხვედრები გამართა.

პრემიერთან ერთდ, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი; თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.

კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრემიერი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა და საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა.

ამავე ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამავე კონტექსტში, მხარეებმა ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშზეც გაამახვილეს ყურადღება. პრემიერმა ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ევროკომისია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და წელს მოხდება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოსთვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა“.

მათვე შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის მნიშვნელობაც აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს, რომ ამ პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. საქართველოს პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი და მისი გავლენა საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოზე.

რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეპ ბორელმაც.

მათვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემო და გამოწვევებიც მიმოიხილეს, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება“.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთნ, ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე მხრეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართლებით „მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები“ მიმოიხილეს, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა „იმედი გამოთქვა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერას“.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის კანცლრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი „მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლისაც შეხვდა და აშშ-საქართველოს „მრავალწლიან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“ იმსჯელა. მხრეებმა ხაზი გაუსვეს იმ დიდ დახმარებას, რომელსაც აშშ წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. მათვე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ „საქართველო არის და დარჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ითქვა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ინვესტიციებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ეკონომიკის განვითარებასა და დაკავშირებადობაში“.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდსაც შეხვდა. საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. აღინიშნა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრემიერი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა: ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ვერნერ ჰოიერს; ბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციო ფირმის, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს, რიჩ ლესერს; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს; კომპანია „Airbus Helicopters”-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბრუნო ივენს და ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის – „Goldman Sachs-ის“ გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს, ჯარედ კოენს და ამერიკელ კონგრესმენს, ერიკ სლოველს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button