ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს სტუმრობდნენ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები – სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები – ჯიჰან სულთანოღლუ და ზიგფრიდ ვობერი თბილისს სტუმრობდნენ, სადაც 6-7 თებერვალს საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდნენ.
პრემიერთან შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 7 თებერვლის ცნობით, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რა დროსაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობა აღნიშნეს.
ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 თებერვალს გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთი პლატფორმის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას.
„ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე: რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
გასულ კვირას ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა 21-22 თებერვალს დაგეგმილი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის აპრილისთვის გადადების შესახებ განაცხადეს. მათვე განაცხადეს, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის ყველა მონაწილესთან როგორც მომავალი რაუნდის, ისე ზოგადად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესის შესახებ.
მანამდე, 31 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი ევროკავშირმა, გაერომ და ეუთომ „ცალმხრივად“ გააუქმეს. მანვე დასძინა, რომ „თანათავმჯდომარეების ამგვარი ქმედებები ანგაჟირებულ ხასიათს ატარებს და აფერხებენ მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის დამატებით საფრთხეებს ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“.
განცხადება რუსეთის საგარეო სამინისტრომაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ კონსულტაციების გარეშე შეხვედრის გადადება „აბსოლუტურად ხელოვნურია“. შედეგად რუსულმა მხარემ მიუღებლად მიიჩნია 3 თებერვალს თანათავმჯდომარეებთან დაგეგმილი შეხვედრის გამართვა და აღნიშნა, რომ მათ პოზიციას „აფხაზი და ოსი მოკავშირეებიც“ იზიარებენ.
პრემიერისა და ტოივო კლაარის შეხვედრა
დღესვე, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ტოივო კლაარს ჟენევის დისკუსიების ფორმატს მიღმაც შეხვდა და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევები განიხილა.
მათვე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „საქართველოს წარმატებულ მედიაციას“, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები. პ“რემიერმინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)