ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გადაიდო
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი, რომელიც 21-22 თებერვალს უნდა გამართულიყო, აპრილისთვის გადაიდო.
ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
„ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის სახელით შემიძლია დავადასტურო, რომ თანათავმჯდომარეებმა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს განუცხადეს, რომ შემდეგი რაუნდი, რომელიც თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, დროსთან დაკავშირებული მიზეზით, 2023 წლის აპრილის დასაწყისისთვის გადაიდო“, – განუცხადა „სამოქალაქო საქართველოს“ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სპიკერმა, ანრი დუკენმა.
We had to postpone the next GID round but are ready to engage. pic.twitter.com/cEOwP3omnS
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) January 31, 2023
„სამოქალაქო საქართველო“ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის ოფისს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი ევროკავშირმა, გაერომ და ეუთომ „ცალმხრივად“ გააუქმეს.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თანათავმჯდომარეების ამგვარი ქმედებები ანგაჟირებულ ხასიათს ატარებს და აფერხებენ მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის დამატებით საფრთხეებს ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა არძინბამ.
არძინბასვე განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად მიიღეს მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების ან გადადების გადაწყვეტილება ყოველგვარი ობიექტური მიზეზებისა და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე. ამდენად, მანვე დასძინა, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი უთხრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციის „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე“. დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის 8-9 თებერვალს გეგმავდა.
დუკენმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ თანათავმჯდომარეები მზად იყვნენ და არიან კონსულტაციებისთვის ყველა მონაწილესთან როგორც მომავალი რაუნდის, ისე ზოგადად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესის შესახებ. ამიტომ, „გულდასაწყვეტია, რომ აფხაზმა მონაწილეებმა ამ დროისთვის ასეთი კონსულტაციები სასარგებლოდ არ მიიჩნიეს“, – დასძინა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უკვე მეორედ გადაიდება, რადგანაც წინა, 2022 წლის დეკემბერს დანიშნული დისკუსია, 2023 წლის თებერვალში უნდა გამართულიყო. რუსული მხარე მიიჩნევს, რომ კონსულტაციების გარეშე შეხვედრის გადადება „აბსოლუტურად ხელოვნურია“ და მას დასავლეთის დესტრუქციული კურსის გაგრძელებად აფასებს, რისი მიზანიც ჟენევის დისკუსიების „დაბლოკვაა“. აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსული მხარე მიუღებლად მიიჩნევს 3 თებერვალს თანათავმჯდომარეებთან დაგეგმილი შეხვედრის გამართვას. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, „დასავლელების ვიზიტები“ ვერ ჩაანაცვლებენ ჟენევის ფორმატის სრულფასოვან ფუნქციონირებას და რომ რუსეთის შეფასებებს, „აფხაზი და ოსი მოკავშირეებიც“ იზიარებენ.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. მასალა მათი პასუხის შესაბამისად განახლდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/10/2022 – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)