თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრა გაიმართა
25 იანვარს, თბილისში, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მორიგი, მე-5 შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაღრმავების „ინტერესი და მტკიცე სურვილი“, მათ შორის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
მხარეები იუწყებიან, რომ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგები განიხილეს და რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების სრულად შესრულებისკენ მოუწოდეს. მათვე საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობა აღნიშნეს.
„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერასაქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.
მხარეებმა სამხრეთ კავკასიასა და ფართოდ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებიც მიმოიხილეს, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი. „მხარეებმა ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის, როგორც საერთო პრიორიტეტის, კრიტიკულ მნიშვნელობას, მათ შორის შავ ზღვაზე“.
ევროკავშირმა და საქართველომ უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოხატეს, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისა და საქართველოს მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, რომელიც დიალოგის ფორმატის შეხვედრის თანათავმჯდომარე იყო, განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირს იმ რისკებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც „მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციიდან“.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ ენრიკე მორამ, რომელიც ასევე შეხვედრას თანათავმჯდომარეობდა აღნიშნა, რომ „დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ერთგულება იმ საკვანძო პრინციპებისადმი, რომლებსაც ევროპის უსაფრთხოება და მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესახებ ჩვენი საერთო ხედვა ეფუძნება“. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში“, – დასძინა მან.
უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და მასზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები განიხილება.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/01/2023 – ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)