ახალი ამბები

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ახსნა-განმარტებისთვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

25 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ახსნა-განმარტებისთვის“ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი გამოიძახეს. საგარეო მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „შეშფოთება გამოხატა“ კასიანოვის მიერ წინა დღეს გაკეთებული განცხადების გამო. გაზეთ „ევარაპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში კასიანოვმა „არ გამორიცხა“, რომ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია.

საგარეო სამინისტროს ცნობით, დარსალიამ აღნიშნა რომ ამგვარი განცხადება „უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას“.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ „ძალისხმევას მიმართავენ ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ.“ სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია შეხვედრისას ოფიციალური კიევის მიერ გამოხატული პოზიციაც, რომელიც „მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის.“

თავად ანდრიი კასიანოვს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ანდრიი კასიანოვის განცხადებას გუშინვე „სამარცხვინო სპეკულაცია“ უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ უკრაინას საკუთარი მოქალაქეების საქართველოდან ევაკუაცია, ალბათ, იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, „თუ „ბუკებს” გავაგზავნიდით უკრაინაში, რადგან ეს იქნებოდა სამხედრო კონფლიქტში ჩართვა“.

შეხვედრა კიევში

25 იანვარს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილიც გამოიძახეს, რომელსაც უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილე, იევჰენ პერებიინისი შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს, რა დროსაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

„[შეხვედრაზე] აღინიშნა, რომ უკრაინა მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩთან შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ, იევჰენ პერებიინისმა „იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან და რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ შემოღებულ ყველა სანქციას“. კიევი ასევე იტყობინება, რომ საქართველოს ელჩმა დაარწმუნა მასპინძლები, რომ „საქართველოს არ აქვს რუსეთთან ფრენების აღდგენის განზრახვა“.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელექტროგენერატორების მიწოდებისა და უკრაინელი ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებისთვის. პერებიინისმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და მისი უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი დააყენა.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 26 იანვრის 11:30 სთ-ზე უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის გამოძახების შესახებ ინფორმაციით განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button