ახალი ამბები

ანდრიი კასიანოვი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების შესახებ საუბრობს 

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრიი კასიანოვმა 9 იანვარს European Pravda-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ სირთულეებსა და ტენდენციებზე ისაუბრა.

კასიანოვმა რიგი საკითხები ჩამოთვალა, რომლებზეც ორ ქვეყანას კვლავ მნიშვნელოვანი უთანხმოებები აქვთ, მათ შორისაა: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება; რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების სისტემის შემოღება; საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება; პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

საქართველოს უარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

კასიანოვის თქმით, საქართველომ უარი უთხრა კიევს „ბუკის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მისცა. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისი ასევე არ დათანხმდა ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის FGM-148 ჯაველინის მიწოდებაზე, მიუხედავად აშშ-ის დაპირებისა, რომ ამ სისტემების სანაცვლოდ საქართველოს უფრო თანამედროვე მოდელებს მიაწვდიდა.

„მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობის თაობაზე“, – განაცხადა კასიანოვმა.

სააკაშვილის საკითხი „ჰუმანიტარული უფროა, ვიდრე პოლიტიკური“

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, კასიანოვი წერს, რომ უკრაინა მუშაობს მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. დიპლომატის თქმით, კიევმა არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი ევროპის ან ამერიკის წამყვან კლინიკაში გადაიყვანონ, რათა „ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით“, მან სათანადო სამედიცინო მკურნალობა ჩაიტაროს. კასიანოვის თქმით, სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჰუმანიტარული საკითხი უფროა, ვიდრე პოლიტიკური.

რუსები საქართველოში „პუტინის მხურვალე მხარდამჭერები“ არიან

საქართველოში რუსი ემიგრანტების მოზღვავებაზე საუბრისას, ანდრიი კასიანოვმა ბინის ქირის მნიშვნელოვან ზრდაზე გაამახვილა ყურადღება, რაც უკრაინელ ლტოლვილებს ცხოვრებას კიდევ უფრო ურთულებს. მისი თქმით, უკრაინელები საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად იყენებენ. კასიანოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩასული რუსეთის მოქალაქეები „პუტინისა და უკრაინის მოსახლეობის გენოციდისკენ მიმართული მისი პოლიტიკის მხურვალე მხარდამჭერები არიან“.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, კასიანოვმა განაცხადა, რომ „ფასები ბევრად მაღალია [საქართველოში], ვიდრე უკრაინასა და ბევრ ევროპულ დედაქალაქში, თუმცა შემოსავლის მიღების შესაძლებლობები და ხელფასები დაბალი რჩება“, რაც უკრაინელების ცხოვრებას ართულებს.

პოზიტიური მოვლენები

ანდრიი კასიანოვმა ქართველ მოხალისეებზეც ისაუბრა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან და „საერთო მუხანათური მტრის“ წინააღმდეგ საკუთარ სიცოცხლეებს სწირავენ. რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნათელ მხარეს, კასიანოვი შეეხო ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერას საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში ოთხი უკრაინული სექციის გახსნას, უკრაინელების დახმარებას საცხოვრებლით, ასევე უკრაინელი ლტოლვილების უფასო ტრანსპორტითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.

კასიანოვმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უკრაინისთვის გენერატორების მიწოდებაზე და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაში საქართველოს საპატრიარქოს როლსაც გაუსვა ხაზი.

„რუსეთის ფართომასშტაბიანმა აგრესიამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ჩვენს საერთო მტერს, რომელმაც უტიფრად დაიპყრო უკრაინისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიები, სოლიდარობით, ურთიერთმხარდაჭერით და ერთობით უნდა დავუპირისპირდეთ და უარი ვთქვათ ყველა უთანხმოებასა და დავაზე, სანამ არ მივაღწევთ მასზე სრულ და შეუქცევად გამარჯვებას“, – დასძინა კასიანოვმა.

თავდაცვის სამინისტროს გამოხმაურება

ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ „არასწორ“ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 10 იანვარს გამოეხმაურა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველომ ეს სისტემები ისევე შეისყიდა, როგორც ამერიკული ანტისატანკო სისტემები „ჯაველინი“. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, თავდაცვის უწყებამ განმარტა, რომ „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 10 იანვარს, 12:55 სთ-ზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button