skip to content
ახალი ამბები

მედია: კრიმინალისტური მონაცემთა ბაზები რუსულ და ბელარუსულ საპროგრამო პროდუქტებს იყენებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაქტილოსკოპიური, სახის ამომცნობი და ბალისტიკური ექსპეტიზისათვის განკუთვნილი მონაცემთა ბაზებისათვის რუსულ და ბელარუსულ საპროგრამო უზრუნველყოფას იყენებს. ეს ინფორმაცია ღია მონაცემების შესწავლის პროექტმა ask.gov.ge-მ მოიძია ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და კვლევის შედეგები ინტერნეტგამოცემა next.on.ge-ზე გამოაქვეყნა.

სახის ამომცნობი და ბალისტიკური ანალიზის პროგრამები რუსული კომპანია Papillon Systems-ის შექმნილია, ერთი კი – ბელარუსული Todes Ltd.ის. კვლევის თანახმად, რუსული კომპანიის ერთ-ერთი მომხმარებელი რუსეთის უშიშროების სამსახური და ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველი ორგანოებიცაა. სამივე პროგრამის შესასყიდად შსს-მ ჯამში 1 360 576 ლარი დახარჯა.

კვლევის თანახმად, შსს-მ Papillon Systems-თან თანამშრომლობა 2013 წელს, ჰაბიტოსკოპიური სისტემა Polyface-ის შესყიდვით დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიისგან 2017, 2018 და 2020 წლებში აპლიკაციის განახლებებიც შეიძინა. 2018 წლიდან საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებში ამავე მწარმოებლის ბალისტიკური ექსპერტიზის სისტემა Arsenal-იც ჩნდება.

რაც შეეხება Todes Ltd.-ს დაქტილოსკოპიური ანალიზის პროგრამას DAKTO-2000, კვლევის თანახმად, ის შსს-მ 2013 და 2015 წლებში შეისყიდა.

„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მასალა უწყების პასუხის შესაბამისად განახლდება.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button