ახალი ამბები

„მითების დეტექტორი“: საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ პროპაგანდას კოორდინირებულად ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ ონლაინპლატფორმა „მითების დეტექტორმა“ 18 იანვარს გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით Facebook-ზე სპეციალური გვერდი „სინამდვილეში“ შექმნა.

ანგარიშის თანახმად, გვერდი, რომლის სამიზნეებიც ხელისუფლების ოპონენტები არიან, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მათ განცხადებებს ან ქმედებებს სექსიზმად, სიძულვილის ენად ან ანტიდემოკრატიულ და დისკრედიტაციის კამპანიად აფასებს. „სინამდვილეში” ხშირად რელიგიური და ეთნიკური თემებით მანიპულირებს. მის მიერ გავრცელებული პოსტები Facebook-ის ორ გვერდსა და 14 ჯგუფში ვრცელდება, რომელთაგანაც 7 უშუალოდ „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.

„მითების დეტექტორის“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „სინამდვილეშის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს რეგულარულად ავრცელებენ რეგიონებსა და თბილისში საჯარო უწყებებში დასაქმებული ის პირები, რომელთაც კანონმდებლობით პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება აქვთ. „ეს ფაქტი განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, თუ პოსტს ფეისბუქ-გვერდი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ აქვეყნებს. მაგალითად, 2022 წლის ნოემბერში ერთ-ერთი პოსტი „სინამდვილეშიმ“ 20:04 [სთ-ზე] გამოაქვეყნა, რაც შემდეგ საჯარო უწყებებში დასაქმებულმა პირებმა მცირე დროის ინტერვალით (20:29-დან 22:10-მდე პერიოდში) გაავრცელეს“, – აღნიშნავს „მითების დეტექტორი“.

ანგარიშის მიხედვით, საჯარო მოხელეები დეზინფორმაციულ პოსტებს სამუშაო საათებშიც ავრცელებენ. ამასთან, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პროსახელისუფლებო მედიების („იმედი“, POSTV) მიერ გავრცელებული მადისკრედიტირებელი მასალების გაზიარებაში.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, საჯარო მოხელეების გარდა, გვერდის პოსტებს ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური თანამდებობის პირებიც ავრცელებენ. გვერდის პოსტების გაზიარების გარდა, ისინი ანტიდასავლური შინაარსის და სიძულვილის ენის შემცველ პოსტებსაც აზიარებენ და ჰომოფობიური ლექსიკით მოიხსენიებენ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button