„ხალხის ძალა“ NGO-ების საქმიანობისა და მედიაში სიცრუის გავრცელებაზე კანონპროექტებს წარადგენს
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ იანვარში უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ კანონპროექტებს დაარეგისტრირებენ, რომლებიც „საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას“ ეფუძნება.
„ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა წარადგინა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივით, „შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“.
დეპუტატის თქმითვე, „შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ“. ამასთან, „უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით [მოქმედი] ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს“.
რაც შეეხება „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ კანონპროექტს, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ „ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას“. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საკანონმდებლო ცვლილება „ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას“. მოგვიანებით, მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ დააზუსტა, რომ ის ბრიტანული კანონმდებლობის მსგავსი იქნება.
„დღეს, მთელი რიგი NGO-ები და მედიასაშუალებები მნიშნველოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში“, – თქვა დეპუტატმა და დასძინა, რომ მათ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“.
გურამ მაჭარაშვილის მტკიცებით, „ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანით შეიქმნება ახალი გარანტიები საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად“.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ორივე ინიციატივას ექნება ძალიან ფართო მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი და რომელიც დაღლილია სიცრუის გამუდმებული ტირაჟირებითა და პოლარიზაციით“, – განაცხადა დეპუტატმა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „სხვა უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან“.
საგულისხმოა, რომ მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი გამოაკლდა და „ხალხის ძალას“ შეუერთდა, „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ღირებულებით ნაწილში მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამიტომ ისინი „გაყოფის მიუხედავად“, საპარლამენტო უმრავლესობაში ერთად დარჩებიან.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/10/2022 – აშშ-ის ელჩი არასამთავრობოებზე თავდასხმების, „ხალხის ძალისა“ და დეოლიგარქიზაციის შესახებ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)