ახალი ამბები

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში საქართველოში 2022 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა 12 იანვარს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის ერთი თავიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2022 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

ანგარიშში საუბარია საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით გაუარესებულ მდგომარეობაზე; მედიის წარმომადგენლებზე „გახშირებულ თავდასხმებზე“; ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე; სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიებაზე; უკანონო თვალთვალზე; შრომის უსამართლო პირობებსა და ლგბტქ+ ადამიანების მიმართ ძალადობაზე.

მედიის თავისუფლება

მედიის თავისუფლების შესახებ ანგარიშის ქვეთავი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის შესახებ საუბრით იწყება და ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

ჟურნალისტებზე „გახშირებული“ თავდასხმების საილუსტრაციოდ დოკუმენტში „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორზე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორზე, მურმან ზოიძეზე განხორციელებული თავდასხმებია დასახელებული. ანგარიშში, ამავე ტელევიზიის დამფუძნებლის, ვატო წერეთლისთვის ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც არის საუბარი.

ანგარიშში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ჟურნალისტების მიერ კრიტიკული მასალების მომზადებისას მენეჯმენტის მხრიდან ცენზურისა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის“ შესახებ ბრალდებებიც არის ნახსენები.

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება

ანგარიშის მიხედვით, გადაუჭრელ პრობლემად დარჩა ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართალდამცველთა დაუსჯელობა. ამ კონტექსტში, დოკუმენტში სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყების, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებაც არის ყურადღება გამახვილებული და ხაზგასმულია, რომ „ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო“.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ომბუდსმენის აპარატში ციხის პერსონალისა და პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ 70 საჩივარი შევიდა, რომელთაგან 61-ზე გამოძიება დაწყებული იყო, დანარჩენ 9-ზე კი – სახალხო დამცველის აპარატმა გამოძიების დაწყების მიზნით შესაბამის უწყებას მიმართა. „ანგარიშის მომზადების დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ მათგანზე არ დაწყებულა“.

დოკუმენტში გასული წლის იანვარში, თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში შშმ არასრულწლოვანზე პოლიციელის მხრიდან ძალადობაზე, ასევე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორის, გიორგი მჟავანაძის მიერ მის მიმართ პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ განცხადებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ პარლამენტის მიერ ივნისში დაჩქარებული წესით მიღებულ „საკამათო ცვლილებებზე“. ასევე ნახსენებია მედიაში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ „მასშტაბური თვალთვალის“ შესახებ ფაილები.

შრომითი უფლებები

„კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება“, – ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ „ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას რესურსების სიმცირე აფერხებს“.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი – 20 ლარი, რომელიც 1999 წლიდან არ გადასინჯულა, 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე. „დაბალ ხელფასებს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რომელიც ხელფასის მოპარვას ნორმად აქცევს“, რაც განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკთათვის არის პრობლემური.

„პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. „შრომის ინსპექციის“ მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 23 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად“.

ლგბტ უფლებები

დოკუმენტის თანახმად, ლგბტქ+ ადამიანები „კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან“. ამ კონტექსტში, ანგარიშში გასული წლის მაისში, თბილისში 5 ტრანსგენდერ ქალზე მათსავე საცხოვრებელ სახლში თავდასხმა სიკვდილით მუქარაა დასახელებული.

დოკუმენტში სასამართლოს მიერ 2021 წლის ივლისში, ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმელებისთვის ჯარიმის დაკისრებაზეც არის ყურადღება გამახვილებული და ხაზგასმულია, რომ სასამართლომ „გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში“.

ქალთა უფლებები

ანგარიშში საქართველოს პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა სცადეს ოჯახის წევრებმა. ადილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრზე“ დაყრდნობით, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „სასამართლოები, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებიც აგრძელებენ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაშინებას“.

დოკუმენტში 2014 წელს გენდერული ნიშნით თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრის, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილებაზეც არის საუბარი, რომლის თანახმადაც ჯეირანოვას მიმართ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button