ახალი ამბები

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოში ქართული ოცნების დეპუტატებმა სცემეს

„ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ 30 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეზოში, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა, ქართული ოცნების დეპუტატებმა სცემეს.

ვატო წერეთლის თქმით, იმ დროს როდესაც, ის თავისთვის იდგა, მისკენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი დაიძრა და მას ქართული ოცნების კიდევ სამი დეპუტატი – ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი მიჰყვნენ.

„[ოხანაშვილმა] მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი მეორემ [მგალობლიშვილმა] მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე“, – თქვა მან.

წერეთლის მონათხრობით, ინციდენტი დაახლოებით 15 წამში, ისე სწრაფად მოხდა, რომ მან ვითარების გაანალიზება ვერც კი შეძლო. მისივე თქმით, ოხანაშვილმა მას ჭიქაც ესროლა.

ვატო წერეთლის განცხადებით, მომხდარს „უამრავი თვითმხილველი“ ჰყავს და ინციდენტს პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებიც დააფიქსირებდნენ. შესაბამისად, მან აშშ-ის ელჩს საქართველოში ჩანაწერების გასაჯაროებისა და მედიისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.

ქართული ოცნების დეპუტატების პასუხი

აშშ-ის საელჩოს ეზოში მომხდარის შესახებ განსხვავებული ვერსია აქვთ ძალადობაში ბრალდებულ დეპუტატებს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ყველაფერი პირიქით იყო. მასთან თავად ვატო წერეთელი მივიდა, უთხრა, რომ რაღაცის თქმა სურდა, გვერდით გაიყვანა და „ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი“.

„უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო, რაც იყო წარმოუდგენელი რამ და მაშინვე დაიძრა სწრაფი ნაბიჯით და ხალხმრავლობაში გაქრა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამის შემდეგ, წერეთელი მას კვლავ შეხვდა, რა დროსაც მან „ტვ პირველის“ დამფუძნებელს მოსთხოვა პასუხი, „როგორ იკადრა ასეთი უბინძურესი რამ“.

„კვლავ დაიწყო შესაბამისი საუბარი და ჩემი მხრიდან მოჰყვა რეაქცია. მან მიიღო ის პასუხი, რა პასუხიც მას ეკუთვნოდა, პასუხი, რომელსაც ნებისმიერი ქართველი კაცი [გასცემდა], ვისაც გააჩნია ღირსება და ვისთვისაც ასეთი უბინძურესი პროვოკაცია არის შეურაცხმყოფელი“, – თქვა ოხანაშვილმა.

მისივე მონათხრობით, აღნიშნულს „მოჰყვა მცირე-შეხლა შემოხლა, მათ შორის, ფიზიკური და ამის შემდგომ, ამით დასრულდა ეს საკითხი“.

„ეს ადამიანი გასარკვევია, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ნარკოტიკული თუ სხვა ტიპის თრობის ქვეშ“, – დასძინა ოხანაშვილმა.

ოახანაშვილის მიმართ, რომ „ბინძურ პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი, ეს ირაკლი ზარქუამაც გაიმეორა და თქვა, რომ ვატო წერეთელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ისეთი „შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა , რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ დაპირისპირება მხოლოდ წერეთელსა და ოხანაშვილს შორის მოხდა და დანარჩენი დეპუტატები მათ აშველებდნენ. „ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ , ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!“, – დასძინა დეპუტატმა.

„მან [წერეთელმა] ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იქ მომხდარიყო პროვოკაცია… ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აშშ-ის საელჩოს, ქარტიის და კოალიციის გამოხმაურება

მომხდარს გუშინვე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და განაცხადა, რომ მისთვის „ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“.

აშშ-ის საელჩოში მომხდარი დაგმო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და ქართული ოცნების დეპუტატებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, მმართველ გუნდს კი – ძალდობრივი ქმედებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა, „რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა“.

ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით“.

„მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი“.

„მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით“ და „ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებზე“ შეშფოთება „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“ გამოხატა და ქართულ ოცნებას მოუწოდა „გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button