ახალი ამბები

იანვრიდან ექიმებისა და ექთნების ნაწილისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა

2023 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული კლინიკების ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. ექიმები საათში მინიმუმ 7 ლარს, ექთნები კი – მინიმუმ 4.4 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 9 იანვარს განაცხადა.

რეფორმის შესახებ პირველად ჯანდაცვის სამინისტროში 2022 წლის ნოემბრის ბოლოს ისაუბრეს. მაშინ სამინისტროში განმარტეს, რომ ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს შეეხება და თვეში ექიმების მინიმალური ანაზღაურება 1 260 ლარი, ექთნებისა კი – 792 ლარი იქნება.

„ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი, ექთნის კი – 5.6 ლარი გახდება“, – აღნიშნეს მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში და დასძინეს, რომ ეს ხელს შეუწყობს „დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, გააუმჯობესებს [მათ] სამუშაო პირობებს და სამედიცინო მომსახურების ხარისხს“.

გარდა ამისა, იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხის მონიტორინგი შრომის ინსპექციის სამსახურის კომპეტენცია იქნება. „სამსახურს ექნება შესაბამისი, მკაცრი რეაგირება დამსაქმებელების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ 2022 წელს, როდესაც ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასების საკითხის შესწავლა დაიწყეს, კერძო კლინიკებში, ექიმების საათობრივი ანაზღაურება 5.5 ლარიდან 6.2 ლარამდე მერყეობდა, ექთნის და სხვა სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასის ოდენობა კი ექიმის შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცენტით იყო განსაზღვრული.

არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება

სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის მინიმალური ხელფასების ზრდა დადებითად შეაფასა, თუმცა თქვა, რომ ეს „არასაკმარისია“ „ღირსეული შრომის პლატფორმამ“, რომელიც შვიდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

„სამწუხაროდ რეფორმა კვლავ უყურადღებოდ ტოვებს სამედიცინო მშრომელთა სხვა სისტემურ შრომით გამოწვევებს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა კერძო კლინიკაში დასაქმებულ სამედიცინო მშრომელებს“, – განაცხადეს გასული წლის ნოემბერში არასამთავრობოებმა.

მათვე სამედიცინო მუშაკების მთავარ გამოწვევებად დაურეგულირებელი სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა; ცვლაში მოსავლელი პაციენტების დაურეგულირებელი საშუალო რაოდენობა და სხვა შრომითი გამოწვევები დაასახელეს, რაც „პროფესიიდან და ქვეყნიდან კადრების გადინებას იწვევს“. უფლებადამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეგულირების მიღმა რჩებიან, სანიტრები, რომლებიც „გაუსაძლის პირობებში მუშაობენ“.

„აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებისა და ღირსეული ანაზღაურების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყოს არა ფრაგმენტული, არამედ სისტემური ხასიათის, რომელსაც რეალური გავლენა ექნება მედიცინის მუშაკების შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდაზე, რომელიც შემდგომ სხვა სექტორებში დასაქმებული პირების შრომითი გარემოს გაუმჯობესებაზეც აისახება“, – განაცხადეს ღირსეული შრომის პლატფორმაში“.

პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს სახელმწიფოს:

  • მუდმივად იზრუნოს ექიმების, ექთნებისა და სხვა მედიცინის მშრომელების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ტარიფების გადახედვაზე და მათი საცხოვრებელი ხელფასის ოდენობასთან დაახლოებაზე, რომელიც დღეს 1 770 ლარს უტოლდება;
  • საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს ექთნისა და პაციენტის რაოდენობის ზღვრულ თანაფარდობის სტანდარტები და უზრუნველყოს მისი პრაქტიკაში აღსრულების ზედამხედველობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button