skip to content
ახალი ამბები

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმელებს ჯარიმა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმელ სამ პირს, რომელთაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და დევნაში ედებოდათ ბრალი, თითოეულს 5 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. სწორედ ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ისინი 2021 წლის დეკემბერში პატიმრობიდან.

ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვის მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად). სამივე მათგანს ჩამოერთვა საჯარი სამსახურში მუშაობის უფლება.

ამასთან, ბრალდებულების ადვოკატმა, შორენა კობიძემ განაცხადა, რომ დაკავებულები სასამართლომ გაამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ორგანიზებული ძალადობა) და 156-ე (დევნა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ანა სუბელიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სასამართლომ „მორიგი აბსურდული გადაწყვეტილება“ მიიღო. მან ხაზი გაუსვა, რომ სიძულვილის მოტივი და ორგანიზებული ჯგუფის მოქმედება — რაც მოსამართლემ ვერ შენიშნა — აშკარად ჩანს 2021 წლის 5 ივლისს გადაღებულ თავდასხმის კადრებში.

„ხვალ ერთი წელი სრულდება 5 ივლისიდან და ხახვივით შერჩა ყველას ადამიანებზე ძალადობა! დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება! 5 ივლისი გვახსოვს ყველას და გვემახსოვრება მანამ, სანამ მართლმსაჯულება არ აღსრულდება!“, – წერს სუბელიანი.

2021 წლის 5 ივლისს ლგბტ+ „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომელთაც მათ შორის, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ჯგუფი ალტ-ინფოც მეთაურობდა, ფიზიკურადა და ვერბალურად დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისებს, რომელთაც ლგბტ აქტივისტები და მხარდამჭერები აფარებდნენ თავს. ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, იმ დღეს ლგბტ თემის უფლებადამცველმა ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button