ახალი ამბები

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს

საპროკურორო საბჭომ 12 იანვარს გამართულ სხდომაზე, საბჭოს ახალ თავმჯდომარედ, ორი წლის ვადით, თბილისის პროკურორის მოადგილე და ამავე საბჭოს წევრი შოთა ტყეშელაშვილი ფარული კენჭისყრით ერთხმად აირჩია.

საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ტყეშელაშვილი საბჭოს პროკურორმა წევრმა, ალექსანდრე მუყასაშვილმა წარადგინა და ის ერთადერთი კანდიდატი იყო. ტყეშელაშვილს მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.

შოთა ტყეშელაშვილი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ჯერანაშვილს შეცვლის, რომელსაც თავჯდომარეობის 2-წლიანი ვადა 16 იანვარს ეწურება.

შოთა ტყეშელაშვილი 2007 წლიდან პროკურატურაში მუშაობს და ამ დროის განმავლობაში, მას უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 2020 წლის მაისიდან იგი თბილისის პროკურორის მოადგილეა.


15-წევრიან საპროკურორო საბჭოში თითო წევრს პარლამენტი ოპოზიციისა და უმრავლესობის კვოტებით ირჩევს, ორს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ერთსაც იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით. საბჭოს კიდევ 8 წევრს პროკურორთა კონფერენცია ირჩევს, 2 ადგილს საერთო სასამართლოების მოსამართლეები იკავებენ, რომელთაც თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს.

სხვა ფუნქციებთან ერთად, საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებაა კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება, ასევე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებაც შედის.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button