პრემიერმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ანგარიშის პრეზენტაციას, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომი უკრაინაში
გასული წლის შეჯამებისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი დაასახელა, რომელმაც „დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე, ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ქვეყანაზე“.
პრემიერმა აღნიშნა, რომ „ეს არის ურთულესი გამოწვევა“, რომელსაც „სჭირდება ძალიან გონივრული მართვა“ და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა გაატარა და ამ პოლიტიკას დღესაც აგრძელებს. „ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა… სწორედ ამ მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ხალხს და მათ ინტერესებს სჭირდება“, – ხაზი გაუსვა მან.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და „უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ“ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ევროკავშირის წევრობა
პრემიერმა ღარიბაშვილმა წლის მთავარ მოვლენად საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ ევროპული პერსპექტივის მინიჭება დაასახელა, „რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი“ და „ამ ომმა დააჩქარა პროცესები“. მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩვენ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად კანდიდატის სტატუსის მიღებას ველოდით, „თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება“.
„ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამის თქმის საფუძველს მას ის წარმატებული რეფორმები აძლევს, რომლებიც „ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ“.
„12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას“, – ხაზგასმით თქვა საქართველოს პრემიერმა და აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ყველა სიკეთე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა.
- 22/12/2022 – პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია
- 22/12/2022 – პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია
ეკონომიკა
ანგარიშის წარდგენისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკის 10%-იან ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უკვე 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8 000 აშშ დოლარს მიუახლოვდება. მანვე ბოლო ორ წელში საექსპორტო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდაც აღნიშნა და თქვა, რომ 2022 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, 32%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვაც.
მანვე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო გზებით გადაზიდვების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზეც ისაუბრა. ეს უკანასკნელი, მისი თქმით, 100%-ით არის გაზრდილი.
პრემიერმა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის უზრუნველყოფისთვის ენერგეტიკის დარგის კიდევ უფრო მეტად განვითარების აუცილებლობასა და შეჩერებული ენერგოპროექტების დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
- 19/12/2022 – მთავრობა ხუდონჰესის პროექტს გამოისყიდის
მანვე ცოტა ხნის წინ ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის მიერ 1 100 კმ სიგრძის შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებაც გაიხსენა და ისტორიული მნიშვნელობით ის ბაქო-ჯეიჰანი- თბილისის პროექტს შეადარა.
სიღარიბე და უმუშევრობა
მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრის პარალელურად, პრემიერმა ღარიბაშვილმა სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყნის „მთავარ გამოწვევად“ დაასახელა და თქვა, რომ მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა „მაქსიმალურად მოკლე დროში“ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირებაა.
მანვე მიმდინარე წლის III კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირებულ მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბოლო 2 წელიწადში – 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით – 229 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საიდანაც მისივე თქმით, 209 000 ადამიანი სახელმწიფო სექტორს მიღმაა დასაქმებული.
ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 5 000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რომლებშიც 25 000 ადამიანი იყო დასაქმებული და 1 200-მდე კომპანია ჩართული.
„საერთაშორისო მაგისტრალის ნახევარზე მეტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი უკვე აშენებულია. 2022 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 118 კილომეტრზე, მათ შორის რიკოთის მონაკვეთზე, წლის ბოლომდე საფარი მოეწყობა 40 კილომეტრზე, 15 კილომეტრი უკვე გახსნილია“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ აღნიშნული მაგისტრალისა და კახეთის ავტობანის მშენებლობა სრულად 2024 წელს დასრულდება.
სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები
ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მთავრობის თანამონაწილეობით აშენდება და წილის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.
პრემიერის თქმით, 2024 წელს დასრულდება და საზეიმოდ გაიხსნება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტიც. „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ ენერგო ჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად“, – ხაზი გაუსვა მან.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „ტექნოლოგიური ჰაბის“ შექმნის გეგმები დაასახელა.
ოკუპირებული რეგიონები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება დაასახელა და თქვა, რომ „ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში“.
„ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი [აშშ] დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ აფხაზეთს აქვს პოტენციალი, რომ „გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე კარლო“.
მანვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობაც გამოყო და ხაზი გაუსვა, რომ გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს „ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით“. „230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300 -ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც“.
„ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ „საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა“.
პრემიერმინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემედეგ, ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილ უკვე 29 000-ზე მეტ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართებით და ეს პროცესი გრძელდება. „მომდევნო სამ წელიწადში დასრულდება აღნიშნული პროექტი და [კიდევ] 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)