ახალი ამბები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს  

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 13 დეკემბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე „არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა“ და მან ასევე წარმოადგინა „პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმა, რომელსაც წარმატება არ უწერია“.  

კონსორციუმმა შეახსენა პრემიერმინისტრს, რომ კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში და რომ მას „მოუწევს პასუხისგება დღეს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე“.  

პრემიერმინისტრის განცხადება ანაკლიის პორტის შესახებ

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელისუფლების მონაწილეობით აშენდება და პორტის 51%-ის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება. მან ასევე გაიხსენა კონტრაქტი, რომელსაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის მიზნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს მოაწერა ხელი, და განაცხადა, რომ კონსორციუმმა „ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება“.

ღარიბაშვილის თქმით, კონსორციუმში შემავალი „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებლებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ასევე პარტია „ლელომ“ 3 მლნ დოლარი დახარჯეს პროექტზე, ხოლო 20-25 მლნ აშშ დოლარი ინვესტორებისგან მოიზიდეს. „მას შემდეგ, რაც 4-5 წლის მერე ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, მას შემდეგ გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება?“ – განაცხადა პრემიერმა.

ხაზარაძემ პრემიერმინისტრს იმავე დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ „პრემიერმა დღეს ოთხჯერ მოიტყუა“. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი მთავარი მოტივაციაა, რომ ანაკლია აშენებული ვიხილო“, – აღნიშნა მან. „ესაა არბიტრაჟის მიზანიც – ვაიძულო მთავრობა ააშენოს პორტი“.

სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება  

კონსორციუმმა განაცხადა, რომ „მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია“.  

„ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში“, – აღნიშნა მან. „არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას“.  

ამასთან, კონსორციუმმა აღნიშნა, რომ „სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო“.  

კონსორციუმის თქმით, დაუჯერებელია, რომ მთავრობა 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტში, მაშინ როდესაც მან „უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის სახით (არა ნაღდი ფულის) გაცემაზეც კი, რომ ხელი შეეწყო ADC-თვის პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მოპოვებაში“.  

განახლებული ძალისხმევა ანაკლიის მიმართულებით  

კონსორციუმმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის სურვილი მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. „ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა მან.  

„პრემიერ-მინისტრი ახლა მხოლოდ იმის გამო ლაპარაკობს, რომ პროექტზე დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც ფარდას ხდის ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებას ამ პროექტის შეწყვეტაში“, – აღნიშნა კონსორციუმმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა დოკუმენტური ფილმი „პორტი, რომელიც არ აშენდა“, რომელიც გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.  

ამ კონტექსტში, კონსორციუმმა გაიმეორა, რომ „ანაკლიის ტრაგედიაზე, და აქ განსაკუთრებით იგულისხმება უმუშევრად, დამსხვრეული იმედებით და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დარჩენილი ანაკლიელების ტრაგედია, პასუხისმგებელია სახელმწიფო“.  

მთავრობის გეგმები ფოთთან დაკავშირებით  

ფოთის პორტის განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, კონსორციუმმა აღნიშნა, რომ „პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ბანკებისა და კერძო ინვესტორებისთვის, რომ დაეფინანსებინათ უფრო დიდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში“.  

პანდორას დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან კავშირში ამხელს, კონსორციუმმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრს „ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს  ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში“.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტზე დაყრდნობით კონსორციუმი აცხადებს, რომ „ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა)“.  

და ბოლოს, კონსორციუმმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არბიტრაჟის დაწყება „იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მიცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება“. 

„ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება – უბრალოდ და მარტივად“, – დასძინა კონსორციუმმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button