ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე თავდამსხმელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ გუშინ, ქალაქ ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის პოლიტიკური მოღვაწეობის გამო დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს 3-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრსა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ბათუმის მერობის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს 19 დეკემბერს მამაკაცი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას დაესხა.

მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მამაკაცმა გიორგი კირთაძეს ჯერ კვერცხები ესროლა, შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. „შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ?“, „მოღალატე ხარ ქვეყნის“, – მიმართავდა იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს.

თავის მხრივ, გიორგი კირთაძე მამაკაცისგან მისი ვინაობის დასახელებას მოითხოვდა და ეკითხებოდა, თუ ვინ გამოგზავნა იგი, რაზეც თავდამსხმელმა მიუგო, რომ არავის გამოუგზავნია და უბრალოდ რიგითი მოქალაქეა.

თავად კირთაძე მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმა „წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო“, რადგანაც „ჯიბეში ჩაწყობილი კვერცხებით ადამიანები არ მოძრაობენ“. „ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო, რომელიც ხდება ხოლმე სუს-ის ორგანიზებით. ამ ადამიანს აღნიშნულ შემთხვევამდე არასდროს შევხვედრილვარ“, – ხაზი გაუსვა მან.

მომხდარს გუშინვე „ერთიანი ნაციონალი მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება „რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი“ ადამიანის „ფიზიკურად განადგურებას“ ცდილობს და „რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს“.

„არ გაბედო წინააღმდეგობა, არ გაბედო ბრძოლა და არც კი იფიქრო გამარჯვება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა დღეს გიორგი კირთაძეზე თავდასხმა“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button