Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ომბუდსმენის შესახებ საუბრობს 

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 დეკემბერს გამართული ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ჟურნალისტებს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის შესახებ ესაუბრა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს“.

„მივესალმებით სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას, რომელმაც სამაგალითო სამუშაო განახორციელა მისი მდგომარეობის კონტროლისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ ბოლო კვირას ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა სააკაშვილი ორჯერ მოინახულეს.

ელჩის თქმით, „საბოლოო ჯამში“, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა „უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მისი უფლებების, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა“.  „ამრიგად, გვინდა ვიხილოთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცულია“, – დასძინა ელჩმა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები 

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „ვფიქრობ, ნათელია, ვისი მხარე დაიკავა ქართველმა ხალხმა და რომ ეს უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატულებაა“.

აღნიშნა რა, რომ უკრაინა იბრძვის საკუთარი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე იდენტობისთვის და იმისთვის, რომ „იარსებოს როგორც ქვეყანამ“, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „ეს ისაა, რაც ქართველებმა კარგად იციან საკუთარი გამოცდილებით რუსულ აგრესიასთან, თქვენი გამოცდილებით რუსეთთან, რომელიც შეეცადა თქვენთვის იდენტობა წაერთმია, წაგართვათ ტერიტორიები და შეეცადა თქვენი სუვერენიტეტი წაერთმია“.

„ამრიგად, როდესაც ქართველი ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და იდენტობისთვის იბრძვის, ვფიქრობ, ჩვენ კარგად ვიცით, ვის მხარესაა ქართველი ხალხი“, – აღნიშნა მან.

„ვფიქრობ, ქართველებს კარგად ესმით ის ბრძოლა, რომელშიც უკრაინელები იმყოფებიან საკუთარი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად“, – დასძინა ელჩმა.

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი  

რაც შეეხება სახალხო დამცველის შერჩევის მიმდინარე პროცესს, ელჩმა აღნიშნა, რომ „როგორც ნინო ლომჯარიას და მისი პროფესიონალური გუნდის გამორჩეულმა მუშაობამ დაგვანახა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა“. „მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის დამოუკიდებელ სტრუქტურათაგანია, რომელიც კონსტიტუციით ვალდებულია დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებები“, – აღნიშნა მან.

ამ კონტექსტში, აშშ-ის ელჩმა ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად „ინკლუზიური“ შერჩევის პროცესის არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს უნდა გაკეთდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ვინც უნდა გახდეს შემდეგ სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გამბედავი და იქნება მზად აიღოს კონსტიტუციით დაკისრებული უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებები“, – განაცხადა ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button