პრემიერი უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს და ოპოზიციას აკრიტიკებს
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ უკრაინაში 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, რის შემდეგაც საუბრის დიდი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო.
დაღუპული მებრძოლების ოჯახების მიმართ სამძიმარი
„ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქmaა უნდა, არის ჩვენთვის ტრაგედია…, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გადმოსვენების პროცესში ქვეყნის მთავრობისა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ყველა ხარჯს „სრულად ფარავს მთავრობა“.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დაღუპული მებრძოლების უმეტესობა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები და ოფიცრები იყვნენ, რომლებიც „ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ომებში“ იბრძოდნენ, ისინი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
„ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პიარის გარეშე… ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი, არის უბრალოდ შემაშფოთებელი. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
ოპოზიციის მიმართ კრიტიკა
მანვე „ყალბი“, „ფარისეველი“ პოლიტიკოსების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში „ატეხილ აჟიოტაჟზეც“ გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ისინი ადამიანების ომში დაღუპვაზე „ცდილობენ, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“. „ამაზე ამორალური თუ რაიმე არსებობს“.
„ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ – დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ, სამწუხაროდ, ახლაც სწორედ მათ მიჰყავთ ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში საბრძოლველად. „მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ“, – დასძინა მანვე.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და თქვა, რომ ყველას კარგად ახსოვს, „ყველაზე დიდი სირცხვილი“, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „აჩვენა ერს – მიწაზე ყო გართხმული“. „ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე…, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან, ეს ყველამ კარგად ნახა, მთელი ეს კადრები“.
„დღეს გამოდიან და ცდილობენ ასეთი მგრძობიარე საკითხების საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა „რაზე საუბრობენ საერთოდ?! დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს?!“.
მანვე ოპოზიცია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და ხაზგასმით თქვა, რომ მოქმედი მთავრობის „გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე იქნა თავიდან აცილებული“.
„… არიან ოპოზიციაში და იქიდან ცდილობენ ომის [დაწყებას] და მეორე ფრონტის [გახსნას]… ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად, ვინმეს ეჭვი ეპარება, თუ არ გაუკეთებიათ მანამდე?“, – იკითხა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი განცხადებები გამოდიოდნენ ეს ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომ გვირჩევნია ბომბები გვცვიოდესო. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ? თქვენ ვინმეს გგონიათ, რომ ამ ადამიანებს უხარიათ დღეს ჩვენთან მშვიდობა რომ არის, ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა?“, – იკითხა პრემიერმინისტრმა.
მანვე საქართველოს ყოფილი ხელისუფლებმა „საკუთარი, ნებით“ და „გადაწყვეტილებით“ რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და დასძინა, რომ „ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომებს და მათ ამ გაუთვლელ ნაბიჯებს“.
აღნიშნა რა, რომ უკრაინასა და ზოგადად ევროპაში „არის ძალიან მძიმე ვითარება“, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მსოფლიო ქვეყნების ლიდერები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში და „სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით“.
„ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენს მაგივრად ისინი ნუ გაირჯებიან“, – თქვა პრემიერმა ოპოზიციის მისამართით და დასძინა, რომ ისინი ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას ყოველ დღე უნდა უხდიდნენ ბოდიშს, „იმისთვის, რაც მათ დამართეს ჩვენს ქვეყანას“. „ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა“.
აღნიშნა, რა რომ „ჩვენ ყველას არ მოგვწონს და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები რაც ხდება უკრაინაში“, – პრემიერმა განმარტა, რომ „ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ვართ ვალდებულნი, რომ ვიზრუნოთ, თითოეულ მოქალაქეზე, და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული…, მთავარი ჩვენი ვალდებულება არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის განმსაზღვრელი ჩვენი კეთილდღეობის“.
მანვე „პოპულისტ“, „ფარისეველ“ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ მიმართა და იკითხა – „რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი?“.
„ბევრს რომ ლაპარაკობენ, Facebook-ში რომ არიან და ვითომ ძალიან დიდი გაბედული და ვაჟკაცური პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, წავიდნენ ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა პრემიერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)