ახალი ამბები

ჩეხეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა ახსნა-განმარტებებისათვის სამინისტროში დაიბარეს.

მიზეზად იქცა 1 დეკემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც პეტრ მიკისკას მიეწერებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ნათქვამი შემდეგი ფრაზა: „ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის […] ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს, ეს იქნება ერთ-ერეთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია“.

სამინისტროს განმარტებით, პეტრ მიკისკას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა, რომელმაც ელჩს კიდევ ერთხელ გააცნო ნაბიჯები, „რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით“.

საგარეო უწყებისვე ცნობით, მინისტრის მოადგილემ ელჩს მოსთხოვა აეხსნა, თუ რას ეფუძნებოდა მისი განცხადება, რომელიც „რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას“.

ამავე ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა თქვა, რომ „სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება“.

„ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩეხეთის საელჩოს განცხადება

მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადება ჩეხეთის საელჩომაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელჩმა „დეტალურად განმარტა, რომ კონტექსტის გარეშე გავრცელებული მისი კომენტარები უკვშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას“. საელჩომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ელჩმა „იცის და აფასებს სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას“.

„ორივე მხარემ იმსჯელა ინფორმაციის შემდგომ გაცვლაზე ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე“, – აღნიშნეს საელჩოში.

„ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლდა და აღნიშნული საკითხი შემდგომ განხილვას აღარ საჭიროებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის განცხადება

სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში შესაძლო გატანის შესახებ მედიით გავრცელებულ ცნობებს დღესვე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა და თქვა, რომ ინფორმაცია „არ შეესაბამება სიმართლეს“ და „ყალბია“.

სამსახურის თქმით, საქართველო „განუხრელად ითვალისწინებს“ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ საერთაშორისო შეზღუდვებს და ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაშია მოხვედრილი „განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს“ გადის.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია მის აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან გადაამოწმონ.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 3 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, ჩეხეთის საელჩოს განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button