skip to content
ახალი ამბები

ფილიპ რიკერი საქართველოს სტუმრობს

კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ფილიპ რიკერი თბილისს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

პრემიერმინისტრთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ელჩმა ფილიპ რიკერმა აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

მათვე რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში საქართველოს მედიატორულ როლზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია“.

შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ფილიპ რიკერის განცხადება

თბილისში ყოფნისას, ელჩმა რიკერმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანია შეაფასოს, „თუ რა ძალისხმევა უნდა განხორციელდეს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ უნდა შეუწყონ ხელი აშშ-მა და საქართველომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საკითხის მშვიდობიან მოგვარებას და აიძულონ რუსეთი, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს“.

მისი თქმით, საქართველო „არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კავშირების დამყარებისთვის“.

ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა თავის მუშაობაზე საქართველოს ლიდერებთან 2021 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის თვალსაზრისით. „პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებისა და საბრძოლო ზონებში ნაღმების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების საქმეში“, – განაცხადა მან.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ აშშ კვლავ მზადაა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საქმეში დახმარება აღმოუჩინოს.

„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააკეთებს იმას, რაც შეგვიძლია, რათა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში დაგეხმაროთ, რადგანაც ეს ის მომავალია, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს“, – დასძინა ელჩმა რიკერმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button