skip to content
ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი: საქართველო მეზობლებს შორის შუამავლობისთვის ყოველთვის მზად არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ყოველთვის მზად არის იყოს ის ადგილი, სადაც „ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს“.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრიორიტეტი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაა. „სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა, რომ მას შეესრულებინა შუამავლის როლი ჩვენს სამხრეთელ მეგობრებთან“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 2021 წლის ივნისში, საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება, ასევე მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ „ესეც ამის მაგალითია, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნდობა ჩვენი მეგობრების“.

„ჩვენ ამ პროცესში არანაირი წინაპირობები არ გვაქვს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ ერთადერთი შეთავაზება, რომელიც „ძალაშია დღესაც და ყოველთვის, [ის, რომ] ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმაონ ეს პროცესი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში“.

სავარაუდოდ, ამ განცხადებით საგარეო მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. ილჰამ ალიევმა, 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიისას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამმხრივი ფორმატის შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

თუმცაღა, ალიევის წინადადება კონფლიქტის თემას სცილდებოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ ფორმატში შესაძლებელი იქნება ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და სხვა საერთო ინტერესის მქონე საკითხების განხილვა. ილია დარჩიაშვილს ამ საკითხებზე არ უსაუბრია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button