ახალი ამბები

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ საუბრობს 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის შესაფასებლად 16 ნოემბერს გამართულ მოსმენაზე სენატორებმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს.

დემოკრატიული უკუსვლა

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, ასევე ანტიდასავლურ რიტორიკასა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე აშშ-ის რეაგირების შესახებ დასმულ კითხვაზე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ბოლოდროინდელი ტენდენცია აშშ-ისთვის ძალიან შემაშფოთებელია.

საქართველოში ივნისში განხორციელებულ ვიზიტზე საუბრისას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას დაემთხვა, მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ეს „ისეთი ამაღელვებელი“ იყო საქართველოში, რადგანაც ქვეყანა „წინა ხაზზე იყო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

„რაც მაოცებს საქართველოსთან მიმართებით არის ის, რომ ქართველების 85% მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ვფიქრობ, ეს ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე“, – აღნიშნა მან.

დონფრიდმა განაცხადა, რომ აშშ-მა მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ჯერაც იმედი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება მიღწეული, თუმცა გვაღელვებს პროგრესის ნაკლებობა დღეს“.

დეგნანის წინააღმდეგ გაჟღერებულ კრიტიკაზე საუბრისას, დონფრიდმა განაცხადა, რომ ელჩი არის„ აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი საქართველოში და მე მას კვირის ნებისმიერ დღეს ვუჭერ მხარს“.

„ჩვენ ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას ვესაუბრეთ. პრემიერმინისტრსაც ვესაუბრეთ ამაზე და, თუმცა, ეს ჯგუფები მთავრობას არ წარმოადგენენ, ზოგიერთ ჯგუფს, რომელიც ძლიერ და არამართებულად აკრიტიკებდა ელჩს, მჭიდრო კავშირები აქვს ხელისუფლებასთან და ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის იმ პარტნიორობას, რომელიც დიდი ხანია გვაქვს“, – დასძინა მან.

როდესაც მას უთხრეს, რომ საქართველოს მხრიდან დემოკრატიული მიზნებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით „თვალსაჩინო პროგრესი“ უნდა ჩანდეს, დონფრიდმა განაცხადა, რომ „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეგახსენოთ ყველას, რომ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ცდილობს უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის კავშირებზე აშშ-სთან და მის დემოკრატიაზე. ამიტომ, მე ნამდვილად მჯერა, როგორც თქვენ ახლა თქვით, რომ ჩვენი შემდგომი ჩართულობა და მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის“.

სენატორ ჯინ შაჰინის მიერ დასმულ კითხვაზე – უნდა გადახედოს თუ არა აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიოორობას „უზარმაზარი უკუსვლის“ ფონზე, ასევე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე – სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა: „ვფიქრობ, ყოველთვის კარგია პოლიტიკის შეფასება და ამიტომ მე ღია ვარ უფრო დეტალური საუბრისთვის თქვენთან. თქვენ იცით მიზეზები, რისთვის გვინდოდა კურსის შენარჩუნება მოცემულ მომენტში“.

„ჩვენ გამოვხატეთ ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის შემაშფოთებელი განცხადების ან ქცევის გამო. როგორც აღვნიშნე, არ მგონია, რომ ეს ქართველი ხალხის უმეტესობას ეხებოდეს“, – დასძინა მან.

შავი ზღვის სტრატეგია

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის შესახებ აშშ-ის სტრატეგიის გადახედვაზე ორპარტიული კანონპროექტის შესახებ დასმულ კითხვაზე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ „ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის სასტიკმა შეჭრამ უკრაინაში ჩვენი ყურადღება შავი ზღვის რეგიონისკენ და იქ ჩვენი შემდგომი ქმედებებისკენ გადაიტანა“.

აღნიშნა რა, რომ ნატო „ძალიან სერიოზულად“ უყურებს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი შავ ზღვაზე ალიანსის მოკავშირეებს უქმნის, დონფრიდმა განაცხადა, რომ „აშშ-ის ძალების პოზიცია რეგიონში დღეს სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ის 24 თებერვლამდე იყო. ამიტომ, ვფიქრობ, უდავოა, რომ ის თუ, როგორ ვფიქრობთ რეგიონის შესახებ და აშშ-ის ჩართულობის კრიტიკული მნიშვნელობის შესახებ განსხვავებულია იმისგან, რაც ომამდე იყო“.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც „ეს დიდწილად გახდება საფუძველი იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე“.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასძინა, რომ მართალია აშშ შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზეა ფოკუსირებული, ამჟამად ამისთვის „რაიმე გრაფიკი“ არ არსებობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button