skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი „ყურადღებით“ აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს

სამართლის, განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრის – „მართლმსაჯულების სახლის“ სახლის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე – „ევროკავშირის დღის წესრიგი, მართლმსაჯულების რეფორმა“ – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „ყოველდღიურად“ და „ყურადღებით“ აკვირდება პატიმრობაში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს.

ხაზი გაუსვა რა, რომ „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის“, – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილ კონსილიუმებს. „დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა“, – დასძინა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ იგი ექსპერტი არ არის და ვერც შესაბამის დასკვნას დადებს, თუმცა თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ დონეზე არის დაზიანებული და „თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოსთან და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება“.

„მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ მითქვამს საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებ[ზეც]“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთის მხრივ, ეს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემას მოაგვარებს, თუკი მართლაც დაზიანებულია და მეორე მხრივ, „ამითი სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი“.

„ამისი სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს, და ეს არის, ალბათ, [მიხეილ სააკაშვილის] ვექილების ვალდებულება, რომ შეიტანონ სასამართლოში“, – ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – თუ იქნება დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლაც ძალიან ცუდად, მიაჩნია თუ არა პრეზიდენტს სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა რეალურად? – სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს არის სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს“.

აღნიშნა რა, რომ „ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არსებობს“, – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ეს ყველაფერი დამოკიდებული არის სწორედ კონსილიუმზე, მათ დასკვნაზე“.

„[დასკვნა] უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ეს უნდა იყოს ვექილების მიერ წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში, იქნება სიმაღლის დონეზე“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.


საგულისხმოა, რომ მანამდე, BBC-ის გადაცემა Hard Talk-ის ჟურნალისტის, ზეინაბ ბადავის კითხვაზე – თუ რატომ არ გამოიყენა მან საკუთარი უფლებამოსილება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად? – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მას ამის არ აქვს „უფლებამოსილება ძალიან მარტივი მიზეზის გამო – განაჩენის გამოტანა არ დასრულებულა [მის წინააღმდეგ საქმეები], ჯერ კიდევ განიხილება და ასეთია კანონი საქართველოში, რომ შეწყალება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც ყველაფერი დასრულდება“.

კითხვაზე – შეიწყალებს თუ არა იგი სააკაშვილს მას შემდეგ, რაც განაჩენის გამოტანა დასრულდება? – პრეზიდენტმა განმარტა, რომ „ეს სხვა საკითხია, მე საქართველოში დეტალურად განვმარტე, რატომ არ გავაკეთებ ამას, ვინაიდან ეს სერიოზული პოლარიზაციის ფაქტორია“. თუმცა, მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, რომ „ექსპრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს, ან რაიმე გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button