skip to content
ახალი ამბები

მხარდამჭერები სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, ხელისუფლება უარს ამბობს 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა 6 მაისს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქალაქ რუსთავის ციხის წინ საპროტესტო აქციები გამართეს.

აქციები მას შემდეგ გაიგეგმა, რაც სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა 27 აპრილს დასკვნა გამოაქეყნა, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს, რაც კუნთოვანი მასის ხარჯზე წონაში კლებას იწვევს.

ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და პოლიტიკური მოკავშირეები ითხოვენ, რომ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო დახმარებისთვის, მათ შორის, დასკვნაში აღნიშნული „დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის“ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

ექსპრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა, რომელიც 5 მაისს მთავრობის კანცელარიის წინ გამართულ აქციას უძღვებოდა, ტელეკომპანია „მთავარ არხს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე, ერთადერთი მოთხოვნა სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაა.

„რეალურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შეუძლებელია ექსპრეზიდენტის დაავადებების საქართველოში მკურნალობა.

„ჩვენ ვითხოვთ არა მის გათავისუფლებას ციხიდან, არა სასჯელის არიდებას, არამედ ჯანრთელობის გაუმჯობესების მიზნით მის რეაბილიტაციას“, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის მამამ და დასძინა, რომ მკურნალობის შემდეგ, იგი საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „არცთუ ისე შორეულ მომავალში, მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი შესაბამის კლინიკაში საზღვარგარეთ“.

5 მაისს, „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრისას, მელიამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებაში მომწიფდა მოსაზრება, რომ დაუშვებელია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, რომელმაც პრეზიდენტობის დროს „თავის თავზე მიიღო წარმოუდეგენელი ბარბაროსული შემოტევა რუსების მხრიდან“.

„მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს საპატიმროში, არა უბრალოდ იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა ასეთ მდგომარეობაშია, არა იმიტომ, რომ შესაბამისმა კონსილიუმმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება შეუძლებელია ციხის პირობებში, უბრალოდ ის არ უნდა იყოს ტყვე, არ უნდა იყოს ციხეში“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა აპირებს გაააქტიუროს ძალისხმევა საზღვარგარეთ, რათა მოიპოვოს მხარდაჭერა სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის უზრუნველყოფის მიზნით.

 საერთაშორისო გამოხმაურება 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 5 მაისს ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „სახალხო დამცველის რეკომენდაციები ძალიან სერიოზულად მიიღოს“.

„ჩვენ ყველა დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს სააკაშვილის მდგომარეობას. ვითხოვთ, რომ იგი კვალიფიციურმა სამედიცინო ჯგუფმა შეამოწმოს და კვალიფიციურმა სამედიცინო ჯგუფმა უმკურნალოს“, – აღნიშნა მან.

იმავდროულად, ევროპის სახალხო პარტიამ 5 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში უკიდურესი შეშფოთება გამოხატა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ცნობების გამო.

„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. „საქმე ეხება არა პოლიტიკურ არჩევანს, არამედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას“.

მმართველი გუნდის პასუხი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 2 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ხელისუფლებისადმი ბრალდებები უარყო.

„მთელი ეს პერიოდია ვრცელდება მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, რომ თითქოსდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა“, – განაცხადა მან.

„ეს არის მტკნარი სიცრუე. მას მიეწოდება აბსოლუტურად ყველა მედიკამენტი, რომელიც სჭირდება, თუმცა იგი შერჩევით არ ღებულობს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს“, – განმარტა იუსტიციის მინისტრმა.

„შემდგომში, ჩვენ ასევე მოვისმინეთ, რომ თითქოსდა მას აღარ ჰქონდა საკვების მიღების შესაძლებლობა, რაც ასევე აბსოლუტურად ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება“, – თქვა რატი ბრეგაძემ და დასძინა – „მინდა, იცოდეს საზოგადოებამ, რომ მიხეილ სააკაშვილს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მსჯავრდებულს, შეუძლია, მიიღოს მისთვის დღეში სამჯერ გათვალისწინებული კვება“.

4 მაისს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტყუის, რათა „რაღაცნაირად თავი დააღწიოს საპატიმროს“.

„ბუნებრივია, ეს არის აპრიორი გამორიცხული“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ „ვერავითარი სიმულიანტობა“ თუ „თვითდაზიანება“ ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი.

რაც შეეხება, ექიმების დასკვნას, რომ ყოფილ პრეზიდენტს ანორექსია აქვს, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს არა ფიზიოლოგიური, არამედ „ფსიქიკის თემაა“.

„ზოგადად, ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს დიდი ხანია ვიცით“, – აღნიშნა მანვე.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თემის „ხელონურად პოლარიზების“ მცდელობაშიც დაადანაშაულა.

„სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ რისკის ფასად ჩამოდიოდა საქართველოში“, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

„მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში, მათ შორის, იურიდიულ დანაშაულებზე აქვს შეფარდებული სასჯელი და მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, ვერ იქნებოდა რისკის გარეშე“, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.


საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკითხი მუდმივად სადავო იყო, რაც იგი გასული წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნდა და დააკავეს.

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე აქვს მისჯილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ეპიზოდს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button