ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდის სტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 9 ნოემბერს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კოვიდის სტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს.

უწყებაში განმარტეს, რომ ბოლო პერიოდში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციისა და სტაბილური ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, კოვიდის სტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს.

„კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი საჯარო წესით გაუზიარებს“, – განაცხადეს სამინისტროში.

კოვიდის ბოლო, ერთთვიანი სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ოქტომბრის დასაწყისში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 189 გამოჯანმრთელდა, 20 გარდაიცვალა.

ამასთან, სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდის სულ 1 797 225 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათგან 1 776 548 გამოჯანმრთელებული, 16 920 გარდაცვლილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button