ახალი ამბები

მმართველი გუნდი ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას წარადგენს

მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ნინო ლომჯარიას, წარადგენს. ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 24 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა.

გავითვალისწინეთ გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ არჩევანი შეაჩერა ქალბატონ ნინო ლომჯარიაზე, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ლომჯარიას კანდიდატურის შერჩევისას, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო სექტორთან გამართული კონსულტაციებიც გაითვალისწინა.

ნინო ლომჯარია ერთ-ერთი იყო სახალხო დამცველის იმ ოთხი კანდიდატიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს 23 ნოემბერს შესთავაზეს. დანარჩენ კანდიდატებს შორის იყვნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვახუშტი მენაბდე, და პრეზიდენტთან არსებული პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი – ზვიად ქორიძე.

სახალხო დამცველს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს, ხუთი წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ირჩევს. ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე – პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალ ომბუდსმენს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.

ნინო ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. 

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button