Placeholder canvas
ახალი ამბები

ნინო ლომჯარიამ პარლამენტს ბოლო ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა

საქართველოს მოქმედმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ეწურება, 7 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ბოლო ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

დაახლოებით 400-გვერდიანი დოკუმენტი 2021 წლის განმავლობაში ომბუდსმენის აპარატში შესულ 5 000-მდე განცხადებას, 11 100-ზე მეტ სატელეფონო შეტყობინების შესწავლას და ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლების მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სამხედრო ნაწილებსა და სხვა უწყებებში განხორციელებულ 100-ობით მონიტორინგის ვიზიტის შედეგებს ეფუძნება.

ომბუდსმენმა 2021 წლის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაუგზავნა, თუმცა პარლამენტმა მისი განხილვა საშემოდგომო სესიისთვის გადადო.

ომბუდსმენის ანგარიშის ძირითადი მიგნებები

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა და რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა, რაც სახალხო დამცველის თქმით, იმით არის განპირობებული, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა არ არის საკმარისად ძლიერი.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტის დადგენილებით 2021 წელს გაცემული დავალებების 63.1% არ შესრულდა; 18% ნაწილობრივ შესრულდა, სრულად კი – გაცემული დავალებების მხოლოდ 16.1%-ია შესრულებული. უფრო მეტიც, ნინო ლომჯარიას თქმით, 2021 წელს პარლამენტმა არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ხელყოფდა.

ომბუდსმენის ანგარიშში 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც არის ყურადღება გამახვილებული, „რამაც გააუარესა საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობა“. დოკუმენტში ეუთო/ოდირის, ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

ომბუდსმენი ანგარიშში საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო პროცესებში გამოვლენილ „მნიშვნელოვან ხარვეზებსა“ და „პოლიტიკურ მდგენელზეც“ ამახვილებს ყურადღებას და ამის მაგალითებად ე.წ. კარტოგრაფების, პარტია ლელოს დამფუძნებლების წინააღმდეგ ე.წ. ფულის გათეთრების, ასევე 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეებს ასახელებს. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე საუბრისას, ომბუდსმენი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მაგალითს ასახელებს.

ომბუდსმენის ანგარიში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სივრცის შემცირებასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ „ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს საფრთხის შემცველ და მტრულ გარემოში უწევთ საქმიანობა“. „2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში“.

დოკუმენტი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი – კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ „ცინიკურ“ და „აგდებულ“ დამოკიდებულებაზე, ასევე სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე მათ არდაშვებასა და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებებზეც მიუთითებს.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, „გასული წლების მსგავსად, სამართალდამცველები შეკრებების მართვისა და დაშლის შემთხვევაში ხშირად იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას, აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციულ დაკავებას, რაც ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და იღებდა შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს“.

  • 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სრული ანგარიშისთვის მიჰყევით ბმულს.

დეპუტატების კითხვები სახალხო დამცველს

ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სახალხო დამცველს კითხვებით მიმართეს დეპუტატებმა და მისი გამოსვლა შეაფასეს.

  • ქართული ოცნებისა და უმრავლესობის სხვა წევრების კითხვები

ომბუდსმენის ანგარიშით უკმაყოფილონი დარჩნენ ქართული ოცნების დეპუტატები და ნინო ლომჯარიას მიკერძოებულობაში დასდეს ბრალი. მათვე აღნიშნეს, რომ ომბუდსმენის ანგარიში არა კონკრეტულ ფაქტებს, არამედ ვარაუდებს ეფუძნება. ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სახალხო დამცველს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ დამოკიდებულებაც დაუწუნა.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ომბუდსმენის აპარატის მიერ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გაიხსენა, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის ფართობების დროებით მოვლა-პატრონობის უფლების მინიჭების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ასაჩივრებს და ნინო ლომჯარიას ჰკითხა, „რას ერჩის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“.

„რა იყო მიზანი, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებელი ეკლესიის, ამ შემთხვევაში, რომ როგორმე გეჩვენებინათ, რომ საპატრიარქოს აქვს უფრო განუზომლად დიდი უფლებები, ვიდრე სხვა კონფესიებს?“, – ჰკითხა ამავე სარჩელზე ომბუდსმენს ოცნებიდან გასულმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ცაგარეიშვილი ნინო ლომჯარიასგან რიტორიკულად იმითაც დაინტერესდა, ხომ არ უფიქრია მას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პირდაპირ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით მიემართა.

„თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერს, თავმჯდომარეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ?“, – ჰკითხა ნინო წილოსანმა ომბუდსმენს.

„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, მარიამ ლაშხი კი – ნინო ლომჯარიასგან იმით დაინტერესდა, თუ რატომ არ უდგას ომბუდსმენი გვერდით პოლიტიკაში მყოფ „ბულინგის მსხვერპლ ქალებს.“ ომბუდსმენის მხრიდან მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის – სავარაუდოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – მიმართ „უფლებაშემლახველ“ შემთხვევებზე რეაგირებას გაუსვა ხაზი ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემაც.

ამასთან, „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა, ნინო ლომჯარიას იმის განმარტებაც სთხოვა, თუ რას ნიშნავს მისი განცხადება, რომ „ხანდახან, შეიძლება, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობდეს, იმ სირცხვილს და წვას, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით“.

ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ნინო ლომჯარიას შშმ პირებზე საუბრისას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებაც ურჩია და უთხრა, რომ როდესაც მან საკომიტეტო მოსმენებზე ხელისუფლებას „სიძულვილით დაბრმავებული“ უწოდა, ამით შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაცია წაახალისა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთების გამო სახალხო დამცველს მისი უფლებამოსილებები შეახსენა და მიუთითა, რომ მათში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტაქტიკისა და ინსტრუმენტების ზედამხედველობა არ შედის.

  • ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები

განსხვავებული იყო ომბუდსმენის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება. ქართული ოცნებისგან განსხვავებით, მათ სახალხო დამცველის ანგარიში მოიწონეს და მას გაწეული ხუთწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ოპოზიციის წარმომადგენელების კითხვების ძირითადი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების შესახებ რეკომენდაციებს შეეხებოდა.

მაგალითად, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ნინო ლომჯარიასგან იმით დაინტერესდა, თუ რატომ იქმნება პრობლემები მისი რეკომენდაციების შესრულებისას. პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ომბუდსმენს ის ჰკითხა, თუ რა ეფექტიანი ზომები უნდა გატარდეს, ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვა უკანონო მოსმენების მიმართულებით ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების მექანიზმებს მოიცავდა. სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ კი – ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებით დაინტერესდა.

პარტია გირჩის წევრების კითხვები ძირითადად სახალხო დამცველის ფუნქციებსა და ადამიანის უფლებებზე ნინო ლომჯარიას შეხედულებებს შეეხებოდა. პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ კი – ომბუდსმენს ის ჰკითხა, კანონის უზენაესობის პირობებში, საერთოდ საჭიროა თუ არა ეს ინსტიტუტი.

ომბუდსმენის პასუხები

დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ იგი მთელი 5-წლიანი საქმიანობის განმავლობაში „დეზინფორმაციისა“ და „დისკრედიტაციის“ სამიზნე იყო, თუმცა ომბუდსმენის აპარატმა შეძლო, რომ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო მოეპოვებინა. ნინო ლომჯარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მან შეასრულა მთავარი ვალდებულება, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი იყოს დამოუკიდებელი.

„შესაძლოა, პოლიტიკური პრეფერენციების გათვალისწინებით, ვიღაცას მოსწონდა რას ვაკეთებდი, ვიღაცას არ მოსწონდა, მაგრამ არავის დაუყენებია ეჭვქვეშ სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა, მათ შორის, სახელისუფლებო უწყებებისგან და ეს არის, ალბათ, ყველაზე მთავარი“, – ხაზი გაუსვა მან.

კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოებულობაზე ქართული ოცნების დეპუტატების პრეტენზიების საპასუხოდ სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ის ნამდვილად იყო მიკერძოებული „ადამიანების უფლებების სასარგებლოდ“ და არ იყო ნეიტრალური „უფლებადარღვევების ფაქტების მიმართ“.

„მე მქონდა ყოველთვის ხმამაღალი პოზიცია უფლებადარღვევის ფაქტებზე, მიუხედავად იმისა, რაც უნდა გავლენიან და ძლიერ ინსტიტუტებთან თუ ადამიანებთან მქონოდა ამ წლების განმავლობაში ამის გამო წინააღმდეგობა და დაპირისპირება“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ კითხვის საპასუხოდ ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ ომბუდსმენის ოფისმა მიიჩნია, რომ სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ თანასწორუფლებიანობის შესახებ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ირღვეოდა და სარჩელიც სწორედ ამის აღმოფხვრას ემსახურება.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ქვეყნის ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე, ნინო ლომჯარიამ უპასუხა – „ზუსტად იმას ვფიქრობ რასაც საქართველოს კონსტიტუცია ამბობს საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიაზე. იცით, რომ არის შესაბამისი ჩანაწერი და ეს ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე ყოველთვის ვიყავი საქართველოს კონსტიტუციის დამცველი და შესაბამისად სრულად ვიზიარებ ამ ჩანაწერს“.

ქართული ოცნების თავმჯდომარის ლეგიტიმაციის დაწუნებაზე ნინო წილოსანის კითხვის პასუხად, ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ მისი განცხადებები „საკმაოდ რბილი“ იყო და „უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა“. „ბატონი [ირაკლი] კობახიძე, გამოვიდა და საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა საქართველოს სახალხო დამცველს და მის მიერ [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით] შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, რომ დადგებოდა ჩვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავდით ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე ქართული ოცნების წევრების ნათქვამზე საპასუხოდ, თითქოსდა სახალხო დამცველის ინსტიტუტს საზოგადოების ნდობა არ აქვს, ნინო ლომჯარიამ ხაზგასმით თქვა, რომ ყველა ობიექტური კვლევა „ადასტურებს, რომ სახალხო დამცველი გაცილებით მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, ვიდრე ის უწყება [პარლამენტი], თუნდაც, სადაც ახლა ვიმყოფებით“.

„ჩემთვის პატივია, რომ ამ კვლევებში ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორებიც არის ჯარი, საპატრულო პოლიცია, თვითმმართველობები, სახალხო დამცველი იკავებს ყველაზე მაღალი ნდობის ადგილს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სიტყვის დასასრულს, ნინო ლომჯარიამ პარლამენტს მასზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველის არჩევა უსურვა და დასძინა – „ასევე, ვისურვებდი, რომ ერთად გვეზეიმოს უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button