აშშ-ის ელჩი არასამთავრობოებზე თავდასხმების, „ხალხის ძალისა“ და დეოლიგარქიზაციის შესახებ საუბრობს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შორის 5 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე დასწრების შემდეგ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ თავდასხმებზე, მოძრაობა „ხალხის ძალასა“ და დეოლიგარქიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.
თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე
ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პაპუაშვილთან შეხვედრაზე მათ გაცვალეს შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „ამ თვალსაზრისით, ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო ზოგიერთი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე“, – აღნიშნა მან.
„როგორც ეს უკვე იცის პარლამენტის ბევრმა წევრმა, ვინც ხელისუფლებაში მოსვლამდე არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა, სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღ, დემოკრატიულ სახელმწიფოში“, – ხაზი გაუსვა ელჩმა.
ამ კონტექსტში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იმისათვის არ არსებობენ, რომ ხელისუფლებისთვის ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის იმუშაონ, არამედ „იმისთვის, რომ იმუშაონ საზოგადოებისთვის და მოქალაქეთა უფლებებისთვის“.
„ვფიქრობ, საქართველო ბედნიერია იმით, რომ ჰყავს რიგი ძალიან პროფესიონალური, ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სწორედ იმას აკეთებენ, რაც ეხმარება ჰაერის გასუფთავებას, კლიმატის ცვლილების მოგვარებას, რეგულაციების შემუშავებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „უნდა დავაფასოთ ის კარგი საქმე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ“.
„ხალხის ძალა“
ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობა „ხალხის ძალის“ შესახებ დასმულ კითხვაზე, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა და იქვე დასძინა, „ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რა ხდება იქ“.
აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებიდან „დამაბნეველი გზავნილი“ მოდის, ერთი მხრივ, მათთან მიმხრობით, ვინც, როგორც ჩანს, აპირებს, ძირი გამოუთხაროს პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის და მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირთა განცხადებები საქართველოს აშშ-სთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ამ კონტექსტში, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ მას ურჩევნია ფაქტებით იხელმძღვანელოს და დასძინა, რომ გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა.
„ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგულად ეხმარება საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აშშ-ის ძალისხმევა საქართველოში მიმართულია იქითკენ, რომ დაეხმაროს ქვეყანას დემოკრატიის გაძლიერებასა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში.
„ესაა რისი ნახვაც ჩვენ ყველას გვსურს: ევრო-ატლანტიკურ ოჯახში უფრო სრულფასოვნად ინტეგრირებული საქართველო“, – განაცხადა მან.
დეოლიგარქიზაცია
დეოლიგარქიზაციასა და ამ მიმართულებით ქართული ოცნების მიერ ცოტა ხნის წინ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე დასმული კითხვის პასუხად, ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ „პირადად მე არ მგონია, რომ ყოველთვის სასარგებლოა [სტრატეგიის] უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე“.
ელჩის თქმით, არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც „ქვეყნები პოლიტიკურ სექტორში არასათანადო გავლენებს უმკლავდებიან და ვფიქრობ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და იპოვოს საკუთარი გამოსავალი“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი კარგი მაგალითი არსებობს, რომელიც შეიძლება ისე ჩამოყალიბდეს, რომ საქართველოსთვის შესაფერისი იყო.
„ნებისმიერი ამ ტიპის კანონის მიზანია უზრუნველყოს, რომ იყოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და თანაბარი პირობები, რათა ხალხის ხმა ისმოდეს“, – დასძინა ელჩმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)