skip to content
ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით მმართველი გუნდი უკრაინულ საკანონმდებლო გამოცდილებას ეყრდნობა.

„ავდექით და ერთი ერთში გადმოვიღეთ ეს [უკრაინული] მოდელი. ჩვენ არაფერი იქ არ შეგვიცვლია“, – უთხრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ჟურნალისტებს. მანვე განმარტა, რომ უკრაინული მოდელის მიხედვით, პოტენციურ ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი უწყებაა, საქართველოში კი – მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ ფუნქციას პარლამენტი შეასრულებს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინულის მსგავსად, ქართული კანონპროექტის თანახმად, იმისათვის, რომ პირს ოლიგარქის სტატუსს შეუსაბამო იგი შემდეგ ოთხ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – მედიაზე გავლენა; პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე; მონოპოლისტური საქმიანობა და კონკრეტული ოდენობის თანხა.

„ამ 4 კრიტერიუმიდან სამი საკმარისი არის იმისთვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს ოლიგარქად“, – ხაზი გაუსვა მან.

დეპუტატის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში საკითხს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ინკლუზრიუად, პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით განიხილავს და საზოგადოებას მიაწვდის იმ პირების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ოლიგარქობის შესახებ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

მისივე თქმით, კანონპროექტში კონკრეტული სახელები და გვარები არ იქნება დაფიქსირებული. „სახელების და გვარების შემოთავაზება სწორედ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ხდებოდა და არა მხოლოდ, რაც არის ნონსენსი, რომ რომელიმე კანონი სახელებსა და გვარებზე აიგებოდეს. ასე არ ხდება, ეს არის დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯი“, – ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დასახელებული კრიტერიუმების ქვეშ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც მოიაზრებოდეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის პოზიცია, რომ „ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება“.

„ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ამ სამივე კომპონენტს ასრულებენ, კეზერაშვილი და სხვა ოლიგარქები“, – ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

ჟურნალისტის მხრიდან ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის ივნისში მიღებულ რეზოლუციაზე მითითების შემდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ „რეზოლუცია და ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებები, ფაქტების დამახინჯება და დეზინფორმაციაა“.

„ამ ადამიანებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ფაქტებით ისაუბრონ და არა რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტიის ინტერესები გაატარონ. ეს არის სირცხვილი“, – დაამატა დეპუტატმა.

ოპოზიციის გამოხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, საქართველოში უკრაინისგან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა და ჩვენ გვყავს ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი მმართველი პარტია, რომლის დამფუძნებელიც „ოლიგარქი“ ბიძინა ივანიშვილია.

„სახეზე არის ყველა ნიშანი ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცებულია და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დასკვნაშიც ეს ასახულია“, – თქვა მან და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა დავწეროთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ქართული ვერსია, რომელიც თანამედროვე ქართულ რეალობას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში შემოთავაზებული ცვლილება იქნება საკანონმდებლო თვალთმაქცობა“.

ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ხელისუფლებამ უკვე გადადგა ის ნაბიჯები და ის კანონპროექტი გადმოიტანა, რომელზეც დიდი ხანია საუბრობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ უნდა შეეხოს“. მისივე თქმით, სანამ მმართველი გუნდი ოფიციალურ კანონპროექტს წარადგენს, საკუთარ ვერსიას ოპოზიციაც შეიმუშავებს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის შეფასებით, „დეოლიგარქიცაზიასთან დაკავშირებით ერთადერთი მოცემულობა არსებობს“ და ოლიგარქის კრიტერიუმებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის აკმაყოფილებს. „დღეს [კი], როცა ქართული ოცნება აინიცირებს იმ კანონს, აინიცირებს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო დავშორდებით ევროკავშირს“, – დასძინა მან.

„ეს კონკრეტული კანონი, კონკრეტული ადამიანის უფლებების შემზღუდველია, არა თუ არ დაგვეხმარება, გავხდეთ ევროპული ქვეყანა, არამედ პირიქით, დაგვაშორებს ევროპულ საზოგადოებას… სადღაც ევროპაში, ამ კანონმა შეიძლება ნაკლები ზიანი მოიტანოს, საქართველოში ის ძალიან დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა გირჩის დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მოქალაქეების დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი „კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის“. „ჩვენ თუ მართლმსაჯულების სისტემა გვექნება ნორმალური, სპეციალური კანონების მიღება ოლიგარქების პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით არ დაგვჭირდება…, ამ შემთხვევაში კი, ეს იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას“, – ხაზი გაუსვა მან.

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის მოდელის შესაბამისი კანონპროექტი არ არის მისაღები ოპოზიციისთვის. მისი შეფასებით, კანონი კოპირება არასწორია და ქვეყანაში არსებული ვითარებისა და კონტექსტის, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანხმობის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი.

„[თუმცა]. სულ სხვა ხედვა აქვს ხელისუფლებას… [ის] თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქების რიგში, რაც აპრიორი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება არ აპირებს, ნორმალური, ობიექტური და ქვეყნის კონტექსტის შესაბამისად გათვალისწინებული კანონპროექტის მიღებას“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button