skip to content
ახალი ამბები

პრემიერი „ოცნებიდან“ გასულებსა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ოქტომბერს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატებზე, ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებასა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა.

პრემიერი „ოცნებიდან“ გასულებზე – „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ გამიჯნულები“

ჟურნალისტის კითხვაზე – ემიჯნება თუ არა ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების მიერ გავრცელებულ ანტიდასავლური შინაარსის წერილებს? – პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ გამიჯნულები, ისინი თავად გაგვემიჯნენ… მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები“.

„ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება“, -განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მაnვე აღნიშნა, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც „ძალიან ბევრი გამოწვევა“ აქვს, ამიტომ „ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან“.

თუმცა, პრემიერიმა ისიც დასძინა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე, რომელშიც ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას სწორად მიაჩნია.

„ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, სადაც მან თქვა, რომ პარტიიდან გასულებთან ღირებულებით ნაწილში განსხვავება არ აქვთ, პრემიერმა განმარტა, რომ „არ უნდა დავამახინჯოთ  კონტექსტი“, რაც ირაკლი კობახიძემ იგულისხმა.

„… ის ღირებულებითი განსხვავება, რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციისგან არის შემდეგი, ისინი მართავდნენ ქვეყანას დიქტატორულად-ავტოკრატიულად, ღირებულებები ეს არის – ადამიანის უფლებებია, თავისუფლებაა, ქვეყნის სიყვარული და ა.შ.“, – ხაზი გაუსვა მან.

პრემიერი – საქართველო ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არის მოტივირებული, რომ 12-ვე რეკომენდაცია „უმოკლეს ვადაში შესრულდეს“.

„მე ზეგ პრაღაში მონაწილეობას მივიღებ პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება, სადაც მიწვეული ვართ პარტნიორი ქვეყნების მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურები და იქაც იგივე გზავნილი მექნება, რომ ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები ამ პროცესში“, – განაცხადა მან.

პრემიერმა რეკომენდაციების შესრულებისთვის ქართული ოცნების მიერ შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ყველა კარი არის ღია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ახლა მთავარია, რომ მათი ჩართულობაც უზრუნველვყოთ“.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი

„ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები ვიცით და რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ  უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ“, – თქვა პრემიერმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

ოლიგარქობის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის პრეტენზიების საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერები ბიძინა ივანიშვილს იმას ვერ პატიობენ, რომ „მან დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის 1 ოქტომბერს“.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას მოუწევს იმ რეალობასთან შეგუება, რომ ქვეყნის ყველა საგარეო თუ საშინაო მიღწევა ქართულ ოცნებას უკავშირდება, „იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით ნაციონალური მოძრაობის დროს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button