ახალი ამბები

რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, მობილიზაცია რეზერვში მყოფ პირებს, უპირველესად კი – მათ შეეხებათ, ვინც სამხედრო სამსახურში მსახურობდა და შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და გამოცდილება აქვს.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების პარალელურად, საქართველოში, საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ნაწილი იმ საფრთხეებზე ალაპარაკდა, რაც, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას ჩვენი ქვეყნისთვის მოჰყვეს. კერძოდ, მათი ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რუსეთის მოქალაქეები საკუთარი ქვეყნიდან გაქცევას შეეცდებიან. იმ ფონზე კი, როდესაც ევროკავშირმა მათთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა, ზოგიერთმა ქვეყანამ კი – საერთოდ შეზღუდა, საქართველოსკენ გამოშურება ყველაზე მარტივ ალტერნატივად რჩება. ამდენად, საზოგადოების ნაწილში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხი კვლავაც აქტუალური გახდა.

რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ და როგორ აიცილოს ან მართოს პოტენციური რისკები? „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოსაზრებებს გთავაზობთ:

მმართველო გუნდის შეფასება

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამას საზოგადოება ხედავს. ორჯერ იყო ხელოვნური კამპანია აგორებული, თითქოს, რუსი ტურისტები რაღაც საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი, ხელოვნური და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. ამ შემთხვევაშიც, ბოლომდე კონტროლქვეშაა ვითარება და ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებელია და ასე გაგრძელდება მოქმედება. რაც შეეხება ზოგად საფრთხეებს. რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ თვეებია. სწორედ ამის გამო მოვუწოდებდით ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამის NGO-ებს, რომ თავი შეეკავებინათ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენ იყო მიმართული, თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან, თუმცა ისინი აგრძელებდნენ რიტორიკას, პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩვენთვის იყო მიუღებელი. ახლა, მით უმეტეს, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს“.

ნიკოლოზ სამხარაძე – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „რუსეთის მოქალაქეებში, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ, ძალიან ბევრი ეთნიკური ქართველიც არის, რომელიც საქართველოში დაბრუნდა… თუ ეს რისკები იმდენად მაღალი შეიძლება იყოს, რომ ჩვენ საკანონმდებლო ცვლილება [მივიღოთ] ან რაიმე ტიპის შეზღუდვა [დავაწესოთ], ამის რეკომენდაცია შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გასცენ“.

თეა ახვლედიანი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი: „საფრთხე ამჯერად არის ჰიპოთეტური, როდესაც ის, შესაძლოა, დადგება რეალურად, მერე ვიმსჯელოთ ამ საკითხზე“.

ოპოზიციის შეფასება

ბაჩო დოლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ჩვენი მხრიდან ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მაქსიმალურად უნდა კონტროლდებოდეს საზღვარი, კონტროლდებოდეს ვინ შემოდის და რა მიზნით… ამ დროს, სპეცსამსახურების და მათთან მომუშავე აგენტების  თავისუფლად შემოსვლა, ეს არის მთავარი საშიშროება, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ეს არის მთავარი აქცენტი, რასაც ნორმალური, ცივილური სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. თუმცა, ჩვენ ფაქტობრივად მსგავსი არ გვაქვს. ჩვენ გვყავს მოკავშირე რუსეთის [ხელისუფლება], რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესები იყოს გათვალისწინებული ჩვენს ქვეყანაში“.

კახაბერ ქემოკლიძე – საქართველოსთვის: „ვფიქრობ, თავად ის ფაქტი, რომ პუტინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა, მიანიშნებს, რომ ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნის უკრაინის ფრონტზე და რუსეთი მარცხდება უკრაინასთან ომში… ამ გადაწყვეტილების გამო დიდი რაოდენობით ადამიანი წამოვა რუსეთიდან და კიდევ უფრო დიდი ტალღა იქნება მიგრაციის, რაც ჩემი აზრით, ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ზრდის. ეს რისკი კიდევ უფრო საგანგაშო ხდება იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ეჭვი მაქვს ქართული ოცნება არ ან საერთოდ ვერ ხედავს ამ რისკებს დღეის მოცემულობით. თუნდაც უსაფრთხოების სექტორის გადმოსახედიდან, მტრული სახელმწიფოდან ამდენი ადამიანის მიგრაცია და მათი გაკონტროლება ტექნიკურ დონეზე შეუძლებელი ხდება, რაც უნდა პოლიტიკური ნებაც არსებობდეს მმართველი პარტიის, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე….რისკიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ არავინ იცის, საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები როცა კრემლს დასჭირდება, პირობითად, ან შიდა პოლიტიკურ დონეზე ან ვითარების ასადუღებლად, როდის და რანაირად გამოიყენებს. ამ ადამიანების კონტროლი შიდა უსაფრთხოების ტექნიკური რესურსების დონეზე თითქმის შეუძლებელია. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება გაკეთდეს, მტრული სახელმწიფოდან, რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ადამიანების შემოსვლა და რეგისტრაცია უნდა გაძლიერდეს. ანუ, მებაჟემ, მესაზღვრემ უნდა იცოდეს კონკრეტული ადამიანი რა მიზნით მოდის, სად მიდის საცხოვრებლად და ა.შ. და ეს მონაცემები უნდა მიეწოდოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც გაძლიერებული რესურსი უნდა ჰქონდეს, რათა შემოწმდეს ახალი მონაცემთა ბაზა და შეეძლოს ოპერატიულ ველზე კონტროლი… ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და თუ ეს ნება იქნება, იქნება გამოსავალიც, მაგრამ ჩემი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, ეს პოლიტიკური ნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ზოგადად ქართულ ოცნებას არ ექნება. სავიზო რეჟიმის დაწესებაც შესაძლებელია, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, სავიზო რეჟიმის ნაცვლად, შეიძლება, სულ სხვა ტერმინის მოფიქრება, რომელიც პირობითად უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას დაავალდებულებს ქვეყანაში შემომსვლელ ადამიანს…“.

სალომე სამადაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „ამის [მობილიზაციის გამოცხადების] პირდაპირი შედეგი არის ის, რომ უახლოეს დღეებში, ალბათ, ჩვენ ვნახავთ ძალიან დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ცდილობს საკუთარი ქვეყანა დატოვოს… საქართველო დღეს რჩება ყველაზე მარტივ ადგილად, სადაც რუსეთის მოქალაქეებს რომელთაც სურთ საკუთარი ქვეყანა დატოვონ, შეუძლიათ უვიზოდ შემოვიდნენ და ერთი წლის მანძილზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იყვნენ… ჩვენ… [უკრაინაში] ომის დაწყების დღიდან ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია ვიმსჯელოთ რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღებაზე. რამდენადაც ხელისუფლებამ აღნიშნული მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგა და პირდაპირ აცხადებს, რომ არც აპირებს ამ საკითხის განხილვას, ჩვენ, ლელო საქართველოსთვის ინიციატივით გამოვდივართ, დავიწყოთ მსჯელობა საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი დაწესდეს, თუმცა ცალკეული გამონაკლისები უნდა იყოს დაშვებული… ჩვენ შესაბამისი წინადადებით სხვა ოპოზიციურ პარტიას მივმართავთ“.

პაატა მანჯგალაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „რუსეთის 300 ათასზე მეტი მოქალაქეა შემოსული საქართველოში… ეს რიცხვი არ მცირდება, ახლა წამოვიდა ახალი ტალღა, ის ხალხი ვინც არ ეთანხმება ან არ სურს ომში მონაწილეობა, მიაწყდნენ სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს, ევროპის ქვეყნები ძირითადად ამ ხალხისთვის დაკეტილია. ბუნებრივია, საქართველოს ვერ გადავაქცევთ რუსი „დეზერტირების“ თავშეყრის ადგილად. ამიტომ გარკვეული უსაფრთხოების ზომები არის მისაღები და ის რეგულაციები, რაც ევროპაშია დადგენილი. მაგალითად, საზღვარზე კონტროლის დაწესება, მაქსიმალური შეზღუდვით… ასე უნდა გავაკეთოთ ჩვენც – მარტო ის ხალხი შემოუშვათ ვინც რეჟიმის წინააღმდეგია.. ფილტრი და შეზღუდვები უნდა დავაწესოთ. ეს აუცილებელია. საქართველოს უსაფრთხოება არ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან არავინ არ იცის, რა წარმომავლობის ადამიანები შემოჰყვებიან ე.წ. დეზერტირებს“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე: „შემოვიდა დიდი რაოდენობით მტრული სახელმწიფოს მოქალაქე, რაც ჩვენ მტერ სახელმწიფოს უფართოებს ისედაც არსებულ შესაძლებლობებს, რომ აქ კიდევ უფრო ღრმა ქსელი ჰქონდეს მომავლისთვის და ეს უკვე დიდი პრობლემაა… ჩვენ როგორც აქამდეც, ახლა, უნდა ვფოკუსირდეთ ამ რეჟიმის შეცვლაზე, იმიტომ, რომ პუტინისტური რეჟიმის შეცვლა არის წინაპირობა, ნებისმიერი ეფექტაინი პოლიტიკის გატარების“.

გიგა ლემონჯავა – დროას აღმასრულებელი მდივანი: „პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე, წარმოშობს დამატებით საფრთხეებსა და რისკებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისა და სტაბილურობისთვის. მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკური პარტიების, ჟურნალისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასულიერო პირების უკანონო მოსმენითა და თვალთვალით. საქართველოს საზღვრებთან მომდგარია რუსეთის ფედერაციის 1000-ობით მოქალაქე, რომელთა შესახებაც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს… აუცილებელია სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა საზრვრის გადმოკვეთამდე გვქონდეს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების შესახებ. რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა აიკრძალოს საბანკო ანგარიშების გახსნა. აუცილებელია შეეზღუდოთ ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობა. ასევე, უძრავი ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობა… ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ საქართველოს ღიად პრორუსული ხელისუფლება რამეს გააკეთებს. ხელისუფლება, რომელიც თანამშრომლობს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურებთან, ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ იმ რისკების, საფრთხეების შესახებ, რომლებიც დგას ქვეყნის წინაშე და იმ გამოსავლების შესახებ, რომლებიც არსებობს“.

შემოსავლების სამსახურის გამოხმაურება

საკითხს 22 სექტემბერს შემოსავლების სამსახურიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო 10 დღის მონაცემებით, საქართველო-რუსეთს შორის არსებული ყაზბეგის (ლარსის) გამშვები პუნქტით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის „მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება“.

სამსახურისვე განმარტებით, გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით და შეუფერხებლად მუშაობს და ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება „24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს“.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button