ახალი ამბები

IDFI-ის კვლევა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე საქართველოში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 7 სექტემბერს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მზარდი რაოდენობა, რომლებიც საქართველოში მარტიდან მოყოლებული შემოვიდნენ, ქვეყანაში დარჩნენ.

ორგანიზაციის თქმით, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების მეთოდი ართულებს თითოეული შემოსვლის მოტივების გარკვევას, ხოლო კორონავირუსის პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, 2020-2021 წლებში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკური გამოკვლევის საველე სამუშაოები შეჩერებული იყო. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით IDFI მიიჩნევს, რომ რუსეთის და ბელარუსი მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მზარდი ტენდენცია წარმოადგენს „გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით“.

მონაცემები

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 277 698 მოქალაქე, უკრაინის 74 385 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 54 147 მოქალაქე.

იმავე პერიოდში, საქართველოში შემოვიდა რუსეთის 49 505-ით მეტი მოქალაქე (18%), ვიდრე გავიდა ქვეყნიდან, უკრაინის 74 385-ით მეტი მოქალაქე (20%) და ბელარუსის 15 237-ით მეტი მოქალაქე (28%). ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა, განსაკუთრებით ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში.

იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 25 თებერვლიდან 2022 წლის 30 ივნისამდე შემოვიდნენ, 31 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42 577 მოქალაქეს, უკრაინის 15 585 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის 10 554 მოქალაქეს. მათ საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.

მნიშვნელოვანი შენიშვნები

ორგანიზაციამ 2019 და 2022 წლების მონაცემები მიიღო. შუალედურ წლებში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკური გამოკვლევის საველე სამუშაოები პანდემიის გამო შეჩერებული იყო.

პანდემიის გამო 2020-2021 წლებში საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას გარდა, 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ხორციელდებოდა, რომლებიც 2019 წლის ივნისში რუსეთმა ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ შეაჩერა.

ჩამოსვლის მიზეზი

2022 წლის მეორე კვარტალში, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორთა პროცენტული წილი 58%-დან 45%-მდე შემცირდა, ხოლო მეგობრების და ნათესავების მონახულებისთვის ჩამოსულთა წილი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.

საქსტატის გამოკითხვაზე დაყრდნობით, IDFI აცხადებს, რომ 2022 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგდა რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button