skip to content
ახალი ამბები

თიბისი ბანკმა პრიმაკოვის ცენტრს ანგარიშები დაუხურა

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ თიბისი ბანკმა ცენტრის ანგარიშები დახურა.

„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც ამ მომენტისთვის აღარ იძებნება, ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ დაიწყო საბანკო ტერორი. მან თიბისი ბანკის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებაც გამოაქვეყნა, სადაც ბანკი განმარტავს, რომ ანგარიშების დახურვის გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ბანკის შიდა პოლიტიკას უკავშირდება. ბანკმა ლორთქიფანიძეს დახურულ ანგარიშებზე არსებული ფულის გასატანად ერთი კვირის ვადა მისცა.

ლორთქიფანიძის პირად ანგარიშებს ბანკის გადაწყვეტილება არ შეხებია. თუმცა, თიბისი ბანკმა განაცხადა, რომ პრიმაკოვის ცენტრთან დაკავშირებული ერთ-ერთი ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.

ალექსანდრე გორჩაკოვის ფონდი იტყობინება, რომ 2013 წელს მისი მხარდაჭერით პრიმაკოვის ცენტრი ჩამოყალიბდა. გორჩაკოვის ფონდი ევროკავშირის მიერ 21 ივლისს შემოღებული სანქციების სამიზნე გახდა.

ლორთქიფანიძეს პრიმაკოვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა 2018 წლიდან უკავია. უახლოეს წარსულში, 2021 წელს, ლორთქიფანიძე ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებდა. პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით შეიქმნა და, როგორც ცნობილია, ის რუსული ენის კურსებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს აფინანსებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button