skip to content
ახალი ამბები

მედია: თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა და რუსეთთან დაკავშირებულმა პოლიტიკოსმა ‘კარტოგრაფების საქმე’ განიხილეს

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ცენტრის დირექტორს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ შესახებ ესაუბრებოდა, იტყობინება ქართული მედია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით.

რადიო „თავისუფლების“ ცნობით, თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, დიმიტრი ქართლელიშვილმა ლორთქიფანიძეს ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ახალი კომისიის ჩამოყალიბება.

ამავე ინფორმაციით, ქართლელიშვილმა აღნიშნა, რომ ამ კომისიის წევრი ლორთქიფანიძეც უნდა ყოფილიყო და რომ კომისიაში მოხვედრა მას გაუმარტივდებოდა, თუკი მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან რეკომენდაციას გაუწევდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ ხორბალაძე. კიდევ სხვა ჩანაწერი უკვე იმაზე მიუთითებს, რომ შეხვედრა ნოდარ ხორბალაძესა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართლელიშვილმა ასევე აცნობა ლორთქიფანიძეს, რომ ყოფილ სახელმწიფო ექსპერტს და „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილს, ივერი მელაშვილს სოფელ უდაბნოს ბინადრები ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ლორთქიფანიძემ უპასუხა, რომ მას აქვს „ტაბელური მაკაროვი 4 მჭიდით” და მზად არის მელაშვილი „კედელთან მიაყენოს” და „ციხეში წავიდეს”.

რადიო „თავისუფლება“ იტყობინება, რომ სხვა საუბრებში ლორთქიფანიძე კმაყოფილებას გამოხატავს გამოძიების მუშაობით და დარწმუნებულია, რომ გასამართლდებიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ამავე ინფორმაციით, ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ „საქართველოში საბოლოოდ დაიწყება პარტია “ენმ”-ს საბოლოოდ განადგურების ეტაპი, რაც გამოიხატება პარტიის ლიდერების სახლში მივარდნით და პარტიის ოფისების დაწვით”.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი ექსპერტი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გასული წლის ოქტომბერში, „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედების“ ბრალდებით დააკავეს, რაც 10-15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ექსპერტების დაკავება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა, რამაც ბევრს ეჭვი აღუძრა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

მელაშვილი და ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მაშინ პროკურატურამ თქვა, რომ ბრალდებულების მიერ „ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად არის ამოწურული“ და გამოძიება მათთვის დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button