ახალი ამბები

საქართველო USAID-ის კლეპტოკრატიისაგან გათავისუფლების გზამკვლევში

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 სექტემბერს გამოქვეყნებული გზამკვლევი სახელწოდებით „შესაძლებლობების გამოყენება კლეპტოკრატიის აღმოსაფხვრელად“ საქართველოში 2014-2012 წლებში განხორციელებულ ანტი-კორუფციულ რეფორმებს და კლეპტოკრატიის წინაღმდეგ ქვეყნის ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

გზამკვლევი სახელმძღვანელო რესურსია USAID-ის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც სერიოზული კორუფციის მქონე ქვეყნებში მუშაობენ.

„ვარდების რევოლუცია“ და 2004-2012 წლების პერიოდი

დოკუმენტი დიდ ადგილს უთმობს „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდის მიმოხილვას და დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ რევოლუციიდან რამდენიმე თვეში ახალმა ხელისუფლებამ „აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაცია განახორციელა, კანონმდებლობა შეცვალა, კორუმპირებული ჩინოვნიკები დააპატიმრა და მათი ქონების კონფისკაცია მოახდინა“, რის შედეგადაც 2005 წლისთვის მექრთამეობა 80%-ით შემცირდა.

ამ კონტექსტში დოკუმენტი აღნიშნავს, რომ რეფორმებს შედეგად მოყვა ბიუროკრატიის შემცირება, საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება, რამაც „მექრთამეობის მკვეთრი შემცირება განაპირობა“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გატარებულ საპატრულო პოლიციის რეფორმას პოლიციელთა ხელფასების ათმაგი ზრდა და ერთი წლის განმავლობაში მექრთამეობის 80%-იანი კლება მოყვა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადრეული გამარჯვებები ხელს უწყობს სანდოობის ჩამოყალიბებასა და გარკვეულ ბიძგს იძლევა“, შესაძლებლობების ფანჯარა საფრთხის ქვეშ რჩება მანამ, სანამ მოსახლეობა „არ გამოავლენს მზადყოფნას დაბრუნდეს ქუჩებში და საარჩევნო ყუთებთან… რათა დაიცვას საკუთარი ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა“.

კლეპტოკრატიისაგან გათავისუფლება

რაც შეეხება კლეპტოკრატიისაგან გათავისუფლებას და რეფორმების ჩაშლის მიზნით კრემლის მიერ გამოყენებულ მეთოდებს, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ და უკრაინის „ნარიჯნისფერი რევოლუცია” მას შემდეგ დასრულდა, რაც „რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა პრორუსი კანდიდატები დააფინანსეს, რომლებიც პრეზიდენტები გახდნენ და ორი ქვეყნის ხელახალი კლეპტიფიკაცია მოახდინეს“.

USAID-ის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური ანალიზით შეიძლოება იმის გაგება, თუ როგორ და რატომ იბრუნებენ ანტირეფორმისტული ელემენტები ძალაუფლებას. გზამკვლევის თანახმად, ასეთი შეფასებები ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ჩარევას ქვეყანაში, რათა დაიცვას რეფორმების მიღწევები და რეჟიმს პასუხისმგებლობა დააკისროს.

ამ კონტექსტში, USAID საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს მუშაობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ „გასული ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა [ბიძინა ივანიშვილმა] მიიტაცა სახელმწიფო; მათ კვლევაში შესწავლილია კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში“.

სრული დოკუმენტი იხილეთ ამ ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button