ახალი ამბები

ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით შსს-ს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ერთ შემთხვევაში, 2022 წლის 15 იანვარს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელზე თავდასხმისთვის დაკავებულ მოქალაქეს, რომელიც ნასვამი იყო, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სახეში ხელი ერთხელ გაარტყა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, უწყების განმარტებით, 2022 წლის 31 ივლისს, ქალაქ ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულ აგრეთვე ნასვამ მოქალაქეს, პატრულ-ინსპექტორმა საპატრულო პოლიციის ავტომობილში მისი მხრიდან „წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით“ რამდენჯერმე ხელი დაარტყა, თავში კი – ხელბორკილი ჩაარტყა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 („ბ“) ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ერთ-ერთი პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს

მედიის ცნობით, ბათუმის ინციდენტში მონაწილე პოლიციელი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებამდე სამი დღით ადრე, 28 აგვისტოს დააკავეს და სასამართლომ მას 29 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციელმა გირაო უკვე გადაიხადა და თავისუფალია.

„რაც მე გამანდო ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, გახლავთ ის, რომ მისი და მისი ოჯახის გადაწყვეტილება გახლავთ მკაფიო, რომ მიემართათ განცხადებით და განხორციელებულიყო ამ პოლიციელთან მიმართებით საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათები“, – უთხრა „ტელეკომპანია პირველს“ ბათუმის ინციდენტის დროს დაზარალებული მოქალაქის ადვოკატმა, პაატა შავაძემ.

შავაძის თქმით, მისი კლიენტი არც იმის წინააღმდეგია, რომ ბრალდებულ პოლიციელთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე მსგავსი ზეწოლის ფაქტები „საკმარისზე მეტად მოხშირებულია“ და გენერალურ პროკურორს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ძალიან ხშირი გვაქვს შემთხვევები, როდესაც [პოლიციის განყოფილებაში] შედიან ნაცემი პიროვნებები და სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ შემდგომ ხდება ამ ფაქტების მიჩქმალვა, მიმალვა, ხელის დაფარება“, – განაცხადა მან.

„სამოქალაქო საქართველომ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, ხომ არ აგრძელებს გირაოთი გათავისუფლებული პოლიციელი უფლებამოსილების შესრულებას. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის, მათთან აღნიშნული პოლიციელები არ მუშაობენ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიმართავს.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 31 აგვისტოს 18:30 სთ-ზე, ერთ-ერთი პოლიციელის გირაოთი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხის შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button