ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი რუსთავის ციხეში ჩამწერი მოწყობილობების დაზიანების შესახებ კითხვებს პასუხობს

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 29 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ (სოსო) გოგაშვილი წინასწარ პატიმრობაშია, გარკვეული პერიოდით ჩამწერი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ „დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზი“.

იუსტიციის მინისტრის განმარტებას წინ სახალხო დამცველის ოფისის 24 აგვისტოს განცხადება უძღვოდა, სადაც ნათქვამია, რომ რუსთავის საპატიმროს ე.წ. „საშხაპეში“ სოსო გოგაშვილისა გაყვანისა და მასზე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მხრიდან შესაძლო მუქარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ომბუდსმენის აპარატმა სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება იმავე დღეს მოითხოვა. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან 23 აგვისტოს წერილობით აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში საპატიმროში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც ჩანაწერების დაარქივება ვერ მოხერხდა.

„ჩვენ ეს არ დაგვიმალავს, ვუპასუხეთ როგორც სახალხო დამცველს, ასევე [სპეციალურ] საგამოძიებო [სამსახურსაც], რომ დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზი…“, – ხაზი გაუსვა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ „რა მოხდა, როგორ მოხდა, ამის შესახებ ვინც დაინტერესებულია, ამ ინფორმაციის მოძიებით, ჩაატარებენ შესაბამის მოქმედებებს და [ყველაფერი] აუცილებლად გაირკვევა“.

მანვე განმარტა, რომ ჩამწერი მოწყობილობების ხარვეზის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მისი უწყების თანამშრომლებმა ვიდეომასალის დაარქივების შესახებ სახალხო დამცველისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნაზე დაიწყეს მუშაობა.

„ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ხარვეზები, სამწუხაროდ და ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორც სახალხო დამცველს, ისე საგამოძიებო ორგანოს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ დაფიქსირებული ხარვეზის „მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყოს“.

რატი ბრეგაძემ ისიც იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სამინისტრო ვიდეოკამერებსა და შესაბამის მოწყობილობებს ანახლებს, რათა „გადავიდეთ თანამედროვე სისტემებზე, სადაც ხარვეზი იქნება მინიმალიზებული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button