skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები გოგაშვილის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის დაკავებას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის „განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია“.

29 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარსულში გოგაშვილის სახელს არაერთი სისტემური დანაშაული, თუ მოქალაქეთა უფლებების „უხეში დარღვევა“ უკავშირდება, მისი, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება, „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, არასამთავრობოთა მიერ მომზადებულ ანგარიშზე, ასევე მის მიერ სოციალური ქსელით მმართველი გუნდისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე მითითებით, უფლებადამცველებმა იუსტიციის სამინისტროს მისი სიცოცხლისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს.

მათვე სასამართლოსაც მიმართეს, რომ „გოგაშვილის მიმართ მართლმსაჯულება განახორციელოს ისე, რომ არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე“.

ამასთან, არასამთავრობოებმა გენერალურ პროკურატურას გოგაშვილის მიერ გავრცელებულ „დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე“ დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ერთობლივ განცხადებას ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button