skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენმა სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო მუქარაზე მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს სახალხოდ დამცველის ოფისმა 24 აგვისტოს პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეზე, იოსებ (სოსო) გოგაშვილზე სავარაუდო მუქარის საქმეზე მიმდინარე მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, სოსო გოგაშვილმა მისი აპარატის წარმომადგენელთან დაადასტურა, რომ მას პენიტენციური დაწესებულების ე.წ. საშხაპეში შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ტელეფონით საუბრისას დაემუქრა. გოგაშვილის თქმით, აღნიშნულს 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჰქონდა ადგილი. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათ სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება იმავე დღეს მოითხოვეს.

თუმცა, სახალხო დამცველის აპარატს სპეციალური პენიტენციური სამსახურმა 23 აგვისტოს წერილობით აცნობა, რომ მითითებულ თარიღებში საპატიმროში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც ჩანაწერების დაარქივება ვერ მოხერხდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო“.

ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მისმა აპარატმა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მოცულობის ამსახველი ვიდეო კამერების ჩანაწერების დაარქივება მოითხოვა. „მიღებული პასუხის თანახმად კი, როგორც ჩანს, N12 დაწესებულების ვიდეო მეთვალყურეობის ჩამწერი სისტემის დიდი ნაწილი ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების მართვის ეფექტიანობას და პატიმართა უსაფრთხოებას“.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს მითითებულ პერიოდში დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, „რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი“.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, გოგაშვილის ბრალდების საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გენერალურ პროკურატურას მათზე საგამონაკლისო წესით დაშვება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამიტომ, „სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მოახდენს“.


სოსო გოგაშვილი 11 აგვისტოს საპატიმროდან გავრცელებულ წერილში თქვა, რომ თუკი „არ გაჩერდებოდა“ და „სასურველ ჩვენებას“ არ მისცემდა, მას ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი „ოჯახის განადგურებით“ დაემუქრა. მოგვიანებით, მისმა ადვოკატებმა დააზუსტეს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს მუქარა საპატიმროში შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გადასცა.

თავად ვახტანგ გომელაურმა მუქარის შესახებ გოგაშვილის ბრალდება უარყო და მას „სრული აბსურდი“ უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button